რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე, მათ შორის, ყირიმზე ვაჭრობას არ აპირებს

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე მოლაპარაკებებს არ აპირებს. ამის შესახებ პოდილიაკი Twitter-ზე წერს.

"რუსეთის ფედერაციასთან რეალური მოლაპარაკებების საფუძველს წარმოადგენს რუსული შეიარაღებული ძალების სრული გაყვანა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული, 1991 წლის საზღვრებიდან. ყირიმის ჩათვლით. არ შეიძლება რაიმე ტერიტორიულ დათმობაზე, ან ჩვენს სუვერენულ უფლებებზე ვაჭრობაზე საუბარი". - წერს პოდოლიაკი.


გამოცემა Financial Times-თან საუბარში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მოადგილემ, ანდრიი სიბიგამ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინის ძალები ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვრებს მიაღწევენ, კიევი მზად იქნება ნახევრაკუნძულის საკითხზე დიპლომატიური საუბრისთვის.

ამ დრომდე გავრცელებულ განცხადებებში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამორიცხავს სამშვიდობო მოლაპარაკებებს მანამ, სანამ რუსეთის ძალები მთელ უკრაინას, მათ შორის ყირიმს არ დატოვებენ.

რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გასულ წელს, ბუჩის გათავისუფლებისა და აქ ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების აღმოჩენის შემდეგ კიევის მიერ შეჩერდა. მას შემდეგ, რაც სექტემბერში რუსეთმა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია გამაოცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები შეუძლებელი იყო.

კომენტარები