რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სიბიგა: ადმინისტრაციულ საზღვარს როცა მივაღწევთ, ყირიმზე საუბრისთვის მზად ვიქნებით

ანდრიი სიბიგა

გამოცემა Financial Times-თან საუბარში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მოადგილემ, ანდრიი სიბიგამ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინის ძალები ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვრებს მიაღწევენ, კიევი მზად იქნება ნახევრაკუნძულის საკითხზე დიპლომატიური საუბრისთვის.

"თუ ბრძოლის ველზე ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს მივაღწევთ და როცა ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვართან ვიქნებით, მზად ვიქნებით გავხსნათ დიპლომატიური შესაძლებლობა ამ საკითხის განსახილველად". – თქვა სიბიგამ. 

სიბიგამ დაამატა, რომ ეს არ გამორიცხავს უკრაინის მიერ ყირიმის არმიით გათავისუფლებას.

აქამდე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამორიცხავდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს მანამ, სანამ რუსეთის ძალები მთელ უკრაინას, მათ შორის ყირიმს არ დატოვებდნენ.

სიბიგას თქმით, პრეზიდენტი და მისი თანაშემწეები ახლა კონკრეტულად ყირიმზე საუბრობენ, მაშინ, როცა უკრაინის არმია კონტრიერიშის დასაწყებად ემზადება.

ზელენსკის სპიკერმა FT-სთან კომენტარი არ გააკეთა.

რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გასულ წელს, ბუჩის გათავისუფლებისა და აქ ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების აღმოჩენის შემდეგ კიევის მიერ შეჩერდა. მას შემდეგ, რაც სექტემბერში რუსეთმა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია გამაოცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები შეუძლებელი იყო.

კომენტარები