აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

აქციაზე დაზარალებული მოქალაქე ვოლსკის: თუ რამე კითხვები აქვთ, მოვიდნენ და შემეკითხონ

ტელეკომპანია პირველი

7-9 მარტის აქციებზე დაზარალებულმა მოქალაქემ, ზაზა ბიღიაშვილმა, რომელმაც ცალ თვალში მხედველობა დაკარგა, ქართული ოცნების დეპუტატს, გია ვოლსკის უპასუხა. ბიღიაშვილის თქმით, მთავრობიდან მისი მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა და განაცხადა, რომ თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს, სჯობს, მივიდნენ და თავად მას, ან ექიმებს შეეკითხონ.

"ცალ თვალში არაფერი სინათლე არ არის. მეორე თვალშიც ცოტა გამიჭირდა. ცალ თვალზე არაფერი გეშველებაო. თვალი დაშლილია, ააწყეს და ბადურა არის ჩამოშლილიო [...] თუ რამე კითხვები აქვთ, მოვიდნენ და შემეკითხონ, ან მოვიდნენ და ექიმებს შეეკითხონ. მთავრობიდან ჩემთან არავინ მოსულა, არც ვინმეს რაიმე უკითხავს. საერთოდ არც დაინტერესებულან ჩემით. ამ დრომდე არც დაზარალებულის სტატუსი მაქვს [...] რომ დავსველდი, მერე გავედი და გვერდზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მხარეს, ჩიტაძის ქუჩის დასაწყისში დავდექი. გვერდულად ვიდექი, გასროლის ხმა გავიგე და ეგრევე რაღაც მომხვდა. გასროლა და მოხვედრა ერთი იყო. შემდეგ, 2-3 გასროლა კიდევ გავიგე. ვერ ვიტყვი, დამიზნებით ნასროლი იყო თუ არა, არ ვიცი. ვერავის დავაბრალებ, დამიზნებით იყო თუ არა, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ გასროლის ხმა და მოხვედრა ერთი იყო". - თქვა ბიღიაშვილმა ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში.

"სისხლი არ დაიღვარა" – ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ 7-8 მარტის საპროტესტო აქციების დარბევის შესახებ კითხვას. მისივე თქმით, აქციის მონაწილე ზაზა ბიღიაშვილის მხედველობის დაკარგვის შესახებ "გარკვეული კითხვები არსებობს".

რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე საპოლიციო ძალები მოქალაქეთა წინააღმდეგ 2 დღის განმავლობაში წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზსა და სხვა საშუალებებს იყენებდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ზაზა ბიღიაშვილის თქმით, მან მიღებული დაზიანების გამო მხედველობა დაკარგა. დარბევის დროს დაშავდა ათობით მოქალაქე.

კომენტარები