რუსეთი

პეტერბურგის კაფეში აფეთქება მოხდა, რასაც რუსი სამხედრო ბლოგერი ტატარსკი ემსხვერპლა

ვლადლენ ტატარსკი

2 აპრილს, რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი პროპაგანდისტი და სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა

რუსეთის გადაუდებელ ვითარებათა სამსახურის ცნობით, კაფე სტრიტ-ფუდ ბარი №1-ში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია ვლადლენ ტატარსკი და დაშავებულია 15 ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურებას მოჰყვა. რუსული სპეცსამსახურების ცნობით, აფეთქების სიმძლავრე 200 გრამ ტროტილს უტოლდებოდა. 

მედიაში გავრცელდა აფეთქების კადრებიც.

როგორც სხვადასხვა ტელეგრამ-არხებზე წერენ, აფეთქებული კაფე ადრე კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელსა და ბიზნესმენს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა. ასევე, აქ იმართებოდა კლუბი კიბერ Z ფრონტის შეკრებები.

როგორც ერთ-ერთი ტელეგრამ-არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, კაფეში, სადაც სამხედრო კორესპონდენტის შემოქმედებითი საღამო ტარდებოდა, ტატარსკის ახალგაზრდა ქალმა გადასცა ბიუსტი, რომელიც 5 წუთის შემდეგ აფეთქდა. 

კომენტარები