აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე: სასამართლომ არ გაითვალისწინა პოლიტიკური კონტექსტი

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ სასამართლომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი არ გაითვალისწინა.

"ლაზარე გრიგორიადისის მიმართ მოსამართლის/სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის - პატიმრობის გამოყენებით (31.03.2023),  სასამართლო იქცა მხოლოდ ნორმის მშრალად შემფარდებელ ორგანოდ. სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა ლაზარეს საქმის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი. განსახილველ საქმეზე კონტექსტის გაუთვალისწინებლობა ცალსახად მიუთითებს სასამართლოს მიკერძოებაზე. მოსამართლე ვალდებულია საქმის განხილვა-გადაწყვეტისას გაითვალისწინოს არა მხოლოდ სამართლებრივი მასალა, არამედ ყურადღება უნდა მიაქციოს არასამართლებრივ ცნებებს, რეალობას, რომელიც საქმის კონტექსტთანაა კავშირში."  - წერს მაია კოპალეიშვილი Facebook-ზე.

ყოფილი მოსამართლის თქმით, სამართლიანი პროტესტის გაუთვალისწინებლობა უსამართლო სასამართლოზე მიუთითებს.

"სასამართლოს მხრიდან, ევროინტეგრაციისთვის საფრთხის შემქმნელი რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებით გამოწვეული სამართლიანი პროტესტის მნიშვნელობის გაუთვალისწინებლობა, მიუთითებს სასამართლო მართლმსაჯულების მიკერძოებაზე, უხარისხო სასამართლოს აქტზე, რამაც ლაზარეს შემთხვევაში გამოიწვია უსამართლო სასამართლო,  დაარღვია მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო გლობალურ ასპექტში, სასამართლო დასცილდა თავისი მოქალაქეების სამართლიან მოთხოვნას, რომლებმაც და, მათ შორის, ლაზარემ, ხელისუფლებას მოსთხოვეს ქვეყნის განვითარების  ევროინტეგრაციის კურსის დაცვა და ამ მიზნით მიმართეს მშვიდობიან პროტესტს." - წერს მოსამართლე.

31 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პოლიციამ გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.


"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაკავებულზე. მისი მტკიცებით, გრიგორიადისი დაკავშირებული "ბოლშევიკურ ტროიკასთან" - ელენე ხოშტარიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან. ქართული ოცნების თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ელენე ხოშტარია. 


7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

9 მარტს დილით გავრცელდა ქართული ოცნების განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კანონპროექტს უპირობოდ გაიწვევდნენ. 10 მარტს კი, პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები