რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: პუტინი აღიარებს, რომ წაგების ეშინია და ადასტურებს, რომ დამნაშავეა

Metin Aktas/Anadolu Agency/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, პუტინის განცხადება რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსების შესახებ ნიშნავს იმას, რომ პუტინს წაგების ეშინია.

"პუტინი ძალიან პროგნოზირებადია. ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე განცხადების გაკეთებისას ის აღიარებს, რომ წაგების ეშინია და ერთადერთი, რაც მას შეუძლია გააკეთოს არის ტაქტიკით შეშინება.

ამასთან, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს დანაშაულში მონაწილეობას, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დარღვევას." - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

მანამდე, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნმა, ოლექსი დანილოვმა თქვა, რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსება, ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს

"კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა". - წერს დანილოვი Twitter-ზე.

მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა Россия 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსს ბირთვულ იარაღს არ გადასცემენ, არამედ მის ტერიტორიაზე განათავსებენ. 

პუტინის თქმით, ამ ნაბიჯის მიზეზი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება, რომ უკრაინას ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდნენ. მან ასევე დაამატა, რომ ბელარუსი დიდი ხანი ითხოვდა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას.

კომენტარები