რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მამა ლეონი ილია II-ის წერილზე: საპატრიარქო ღიად ირჩევს მხარეს და ეს მხარე რუსეთია

"ახლა ვხედავთ საპატრიარქოს, რომელიც ღიად ირჩევს მხარეს და, სამწუხაროდ, ეს მხარე რუსეთია" – ასე უპასუხა უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელ-მონაზონმა, ლეონ გელოვანმა ტაბულას კითხვას კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ მსოფლიო პატრიარქისთვის უკრაინაში რუსეთის ეკლესიის მხარდამჭერი წერილით მიმართვის შესახებ.

ტაბულამ მღვდელ-მონაზონს ჰკითხა, რას ნიშნავს და როგორ აფასებთ კათოლიკოს-პატრიარქის ამ წერილს და რა გზავნილია ეს უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მიმართ?

"ამ დრომდე ვხედავდით, ფაქტობრივად როგორ დუმდა საქართველოს საპატრიარქო უკრაინასთან მიმართებაში და ვამბობდით, რომ დუმილი დანაშაულია, თუმცა ახლა ვხედავთ საპატრიარქოს, რომელიც ღიად ირჩევს მხარეს და, სამწუხაროდ, ეს მხარე რუსეთია. კათოლიკოს-პატრიარქის ეს წერილი, თანაც საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს არის პირდაპირი გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი, რომ საქართველოს ეკლესია მათ გვერდით არ დგას. ამ წერილით კათოლიკოსი მხარდაჭერას უცხადებს იმ ადამიანებს, რუსეთის ეკლესიის წევრ იმ იერარქებს, რომლებიც ბრალდებულნი და ეჭვმიტანილნი არიან რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში უკრაინაში, ანუ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც დღესაც მონაწილეობენ მრავალი უკრაინელი ადამიანის მკვლელობაში, წამებაში, დაობლებასა თუ გატაცებაში. 
შესაბამისად, ეს წერილი არის გზავნილი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიისადმი, რომ საქართველოს ეკლესია არა მხოლოდ არ დგას მათ გვერდით, არამედ დგას მათი სამწყსოს მკვლელების გვერდით". – ამბობს მამა ლეონი.

კათოლიკოს-პატრიარქი ამბობს, რომ მიტროპოლიტი ონოფრე გაემიჯნა რუსეთის ეკლესიას – არის თუ არა ეს ასე?

"მიტროპოლიტ ონოფრეს სინოდალური დადგენილება, თითქოს ის გაემიჯნა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას არის თავიდან ბოლომდე ტყუილი და ეს შესანიშნავად იცის კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ. მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს ავტოკეფალური ეკლესიები, რომლებიც თვითმმართველია და ავტონომიური ეკლესიები, რომელიც მიუხედავად ნებისმიერი სახის პრივილეგიებისა მმართველობაში, აუცილებლად ემორჩილება რომელიმე ავტოკეფალურ ეკლესიას. მიტროპოლიტი ონოფრე აცხადებს, რომ თითქოს ის არ ემორჩილება რუსეთის პატრიარქს, მაგრამ ამასთანავე ეწინააღმდეგება საკუთარ თავს და აცხადებს, რომ რჩება ავტონომიურ ეკლესიას, გაურკვეველია როგორ შეიძლება არსებობდეს ავტონომიური ეკლესია, რომელიც არ ითხოვს ავტოკეფალიას და არც არავის ემორჩილება. ცხადია, ეს ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული ქმედებაა რუსეთის პატრიარქ კირილესთან". – თქვა მამა ლეონმა ტაბულასთან საუბარში.

მოსკოვის საპატრიარქოს რა რეაქცია ჰქონდა კიევო-პეჩორის ლავრასთან დაკავშირებულ იურიდიულ პროცესში და რა ხდება იქ სინამდვილეში?

"მოსკოვის საპატრიარქო ლავრასთან დაკავშირებით ჩართულ საკითხების მოგვარებაში ბოლომდეა ჩართული, რადგანაც მიიჩნევს თავის იურისდიქციად. სწორედ მოსკოვის საპატრიარქო აგზავნის წერილებს დახმარების თხოვნით სხვადასხვა ეკლესიის მეთაურებთან, ასევე ავრცელებს არასწორ ინფორმაციებს ლავრასთან დაკავშირებით, რათა მოახდინოს ხალხის დეზინფორმაცია. 

სინამდვილეში ლავრის წევრ არცერთ მღვდელმსახურსა თუ მონაზონს იქიდან გამოძევება არ ემუქრება, თუკი უარს იტყვიან დაემორჩილონ რუსეთის სასარგებლოს ჯაშუშობაში ბრალდებულ მაღალიერარქებს და მშვიდად განაგრძონ ნამდვილი ღვთისმსახურება ქრისტიანობისა და უკრაინის სასიკეთოდ. უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ მათ იმის პირობაც კი მისცა, რომ დაუშვებს გამონაკლისს და ექნებათ საშუალება იმსახურონ არა უკრაინულ,  არამედ მათთვის ჩვეულ სლავურ ენაზე (რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესია უკრაინაში, დღემდე პრინციპულად არ მსახურობს უკრაინულ ენაზე).

კათოლიკოს-პატრიარქი ილია, არ ვიცი, ნებით თუ უნებლიედ, სწორ აქცენტს სვამს, როდესაც ამბობს, რომ ლავრა ჩამოერთვა მიტროპოლიტ ონოფრეს. მის უწმინდესობას მინდა შევახსენო, რომ ეკლესია-მონასტრები უნდა იყოს არა კონკრეტული იერარქის, არამედ ხალხის საკუთრება და დიახ, ნამდვილად გამართლებული და სასიხარულო ფაქტია, რომ უკრაინის ისტორიული ლავრა ჩამოერთვა რუსულ ეკლესიას დაქვემდებარებულ იერარქს და გადაეცა უკრაინელ ხალხს". – ამბობს მამა ლეონი.


კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს უკრაინაში რუსეთის ეკლესიის მხარდამჭერი წერილით მიმართავს და სთხოვს, რომ ჩაერთოს იმ "დაძაბულობის განმუხტვაში", რომელიც უკრაინაში რუსული ეკლესიისთვის კიევ-პეჩორის ლავრის ჩამორთმევის შემდეგ წარმოიქმნა.

2022 წლის ბოლოს კიევ-პეჩორის ლავრაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტერი დაარეგისტრირეს. იმავე პერიოდში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევ-პეჩორის ლავრასა და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაში მყოფ მონასტრებში ჩხრეკა ჩაატარა. მოქმედებები დაკავშირებული იყო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრებში რუსული სამყაროს პროპაგანდის გავრცელებასთან.

ზელენსკი რუსული გავლენების ქვეშ მყოფი რელიგიური ჯგუფების საქმიანობის აკრძალვას ითხოვს

2023 წლის მარტში რუსეთის პატრიარქმა კირილმა კიევ-პეჩორის ლავრის დაწესებულებების დახურვის შესაჩერებლად საერთაშორისო დახმარება ითხოვა. კირილი ირწმუნება, რომ კიევ-პეჩორისა და უკრაინაში სხვა რუსული მონასტრების დახურვა "მილიონობით უკრაინელი მორწმუნის უფლებების დარღვევას გამოიწვევს".

კომენტარები