საქართველო-ევროკავშირი

პრემიერი: გვარამიამ გაძარცვა თავისი კომპანია, თუმცა, ზოგ ევროპარლამენტარს არ აინტერესებს

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის "ზოგიერთი წევრის განზრახვა" თანხვედრაში მოდის "ჩვენი დესტრუქციული ძალის მიზნებსა და ამოცანებთან". პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციას "სამარცხვინო" უწოდა.

"მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი გამონათქვამები, რომლებიც უკავშირდებოდა ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის განცხადებებს. ევროპარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ მიიღო მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია. მათ თქვეს პირდაპირ, თითქმის ტოლობის ნიშანი დასვეს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას შორის. მათ პირდაპირ თქვეს, რომ თქვენი ხალხი არ გვაინტერესებს, არ გვაინტერესებს, რომ სააკაშვილის რეჟიმი კლავდა, აუპატიურებდა, ჩაგრავდა, რომ ის არის დეკლარირებული დადასტურებული კრიმინალი, რომელიც დღეს კერძო კლინიკაში იდის სასჯელს. ამის მიუხედავად ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არ გვაინტერესებს, ვიცით, რომ არის კრიმინალი, მაგრამ ის ჩვენი კრიმინალია...

...დავით კეზერაშვილზე გვეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ, რომ იყო ბიზნეს-რეკეტიორი, მძარცველი, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, იგი არის კრიმინალი, მაგრამ [ამბობენ], რომ არის მათი კრიმინალი.

ასევე, ისაუბრეს და მოგვიწოდეს მედიამენეჯერის ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე... ბატონ გვარამიაზეც გვეუბნებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან გაძარცვა ახლა თავისი კომპანია, კერძო კომპანია, მოიპარა ხუთ მილიონზე მეტი, არ გვაინტერესებს, ის არის ჩვენი კრიმინალი.

ჩვენთვის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი ხალხის და ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ცივილიზაციის. ბევრს გაუკვირდა, როცა ეს ფაქტები მოვიყვანე ჩემს ერთერთ გამოსვლაში და პირდაპირ დავუკავშირე მათი ეს ჩართულობა და განზრახვა ქვეყნის შიგნით მოქმედი მეხუთე კოლონის დესტრუქციულ ქმედებებს და ვთქვი, რომ სამწუხაროდ, ევროპარლამენტის გარკვეული, ზოგიერთი წევრი თანხვედრაში მოდის ჩვენი დესტრუქციული ძალის მიზნებსა და ამოცანებთან" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.


2022 წლის 16 მაისს, კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ორ ეპიზოდში (ე.წ. რეკლამის და მანქანის), 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. სააპელაციო სასამართლომ, წინა ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი გაფლანგვის მუხლი გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. თუმცა, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მთავარი არხის დირექტორს 2015 წლის ეპიზოდზე ჯარიმა მიუსაჯა, ხოლო ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლომ ორივე ეპიზოდზე საპატიმრო სასჯელი გამოიყენა.

კომენტარები