საქართველო-რუსეთი

კობახიძე პუტინზე: დაკავების ორდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ნიშნავს

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, დაკავების ორდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ნიშნავს.

"რაც შეეხება დამნაშავის იდენტიფიცირებას, რა თქმა უნდა, ეს არის სასამართლოს საქმე. პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი შეწყდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ომის დასასრულს. ახლო მომავალში, ყოველ შემთხვევაში, რაც არის ძალიან მძიმე, ადამიანები იღუპებიან ყოველდღიურად, მძიმე პროცესია - მიგრაცია, ჰუმანიტარული კრიზისი, ეკონომიკური სირთულეები. ასეთ ვითარებაში ყველა უნდა იყოს კონცენტრირებული მშვიდობის უზრუნველყოფასა და პრობლემის დაძლევაზე. ისტორიული შედეგი იქნება უკრაინაში ომის დამთავრება, ჩვენ ამას უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობას, ეს არის შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს საქმე და შესაბამისად, ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. დაკავების ორდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ნიშნავს". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი კობახიძეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ ეშინია, რომ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდოს.

"არავის არაფრის ეშინია. მე 2008 წელს გაგახსენებთ - მემგონი, სჯობდა, მაშინდელ ხელისუფლებას შეშინებოდა ომამდე და არა ომის დროს. სჯობდა, გორში კი არ გაქცეულიყო მაშინდელი ე.წ. მთავარსარდალი, მაშინ კი არ შეშინებოდა, მანამდე შეშინებოდა. წითელი ხიდისკენ როცა გაიქცნენ, მაშინ კი არ უნდა შეშინებოდათ, ომამდე უნდა შეშინებოდათ. შიში არის საჭირო მაშინ, როცა უნდა შეგეშინდეს და როცა არ უნდა შეგეშინდეს და როცა ხალხს უნდა აჩვენო შენი სითამამე, მაშინ უნდა აჩვენო სითამამე. წინა ხელისუფლება პირიქით მოქმედებდა. ომამდე არ ჰქონდათ შიში და ომის დროს შეეშინდათ. ჩვენ კი პირიქით ვმოქმედებთ. უნდა შეგეშინდეს შენი ქვეყნის გამო თუნდაც იმისათვის, რომ დაიცვა მშვიდობა შენს ქვეყანაში. ეს შიში არა მარტო გამართლებულია, არამედ, ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე". - უპასუხა კობახიძემ.

17 მარტს, უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა შეაფასეს, რომ არსებობს "გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციასა და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში". მოსკოვმა განაცხადა, რომ ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს

კომენტარები