პროტესტი საფრანგეთში

საფრანგეთში მოქალაქეები საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე დამტკიცებას აპროტესტებენ

ორ კვირიანი დებატებისა და პროტესტის შემდეგ, 16 მარტს საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა სპეციალური პროცედურა გამოიყენა იმისთვის, რომ არაპოპულარული საპენსიო კანონპროექტი კენჭისყრის გარეშე მიეღო. 

გადაწყვეტილება სადავო კანონპროექტის კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღეს, რადგან უმრავლესობის მოპოვების შანსი არ არსებობდა.

საპენსიო რეფორმა საპენსიო ასაკის ორი წლით, 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს. მთავრობის თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია იმისათვის, რომ საპენსიო სისტემა არ ჩამოიშალოს. 

ათასობით ადამიანი მთავრობის ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად პარიზისა და საფრანგეთის სხვა ქალაქების ქუჩებში გამოვიდა. BBC-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

პარიზის პოლიციამ საინფორმაციო სააგენტო AFP-ს 120 ადამიანი დაკავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა საპენსიო რეფორმას ეწინააღმდეგება. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ანგარიშების დასაბალანსებლად სხვა გზებიც უნდა არსებობდეს, მათ შორის, მდიდარი მოსახლეობისთვის გადასახადების კიდევ უფრო გაზრდა. 

კომენტარები