მიხეილ სააკაშვილი

იუსტიცია: თუ პირობებს დააკმაყოფილებენ, მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვაზე თანახმა ვართ

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან საკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განცხადების მიხედვით, სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უცხოელმა ექიმმა მონაწილეობა მიიღოს სააკაშვილის მკურნალობაში, თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს დააკმაყოფილებს.  

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა. შეთავაზება გულისხმობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უშუალოდ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, მიიღოს მონაწილეობა მის მკურნალობაში თბილისში, კლინიკა „ვივამედში“, სადაც ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება". - წერია განცხდებაში. 

მიხეილ სააკაშვილის ოჯახისა და ადვოკატების ინფორმაციით, საქართველოში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ევროკავშირის 27 ქვეყნის ეგიდით პოლონელი ექიმები ჩამოდიან. 12 მარტს გიორგი ჩალაძემ თქვა, რომ მათი ვიზიტი ყოვნდებოდა.   

2 მარტს, პოლონურმა გამოცემა Polskie Radio-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების დემარშზე პასუხად დათანხმდა, რომ პოლონელმა ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯონ. თუმცა, მეორე დღესვე იუსტიციის სამინისტომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ  "საფუძველს მოკლებული განცხადებაა". 

EU-ს 27-მა სახელმწიფომ საერთო შეთანხმებით იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს დიპლომატიური დემარშით მიმართა, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეშფოთებას გამოხატავდა.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ცნობით, 27 თებერვალს ევროკავშირისა და შვედეთის ელჩებთან შეხვედრაზე, რომლებმაც მას მიხეილ სააკაშვილის შესახებ ბლოკის ყველა ქვეყნის ერთობლივი დიპლომატიური დემარში წარუდგინეს, ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა.

იქამდე, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ პოლონეთი მზადაა, სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს. მატეუშ მორავიეცკის განცხადებითვე, "თუ საქართველოს სურს, ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, მან ასევე სერიოზულად უნდა მიიღოს ეს მიმართვა".

კომენტარები