თამბაქოს მოხმარება

თამბაქოს კონტროლის კანონი: შედეგები და გამოწვევები

თამბაქოს მოხმარება

თამბაქოს კონტროლის კანონი: შედეგები და გამოწვევები

კანონის მიმოხილვა

2017 წელს საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თამბაქოს კონტროლის გაძლიერების კუთხით. ეს კანონი თავისი მოქმედების არეალიდან გამომდინარე ბოლო წლებში მიღებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგულაციაა იმის გათვალისწინებით, რომ თამბაქოს მოხმარება ნებისმიერი ტიპის (როგორც კერძო, ისე საჯარო) საზოგადოებრივი თავშეყრის  შენობა-ნაგებობაში შეიზღუდა. 

თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების ტვირთი ჯანდაცვის სისტემაზე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებები ყოველწლიურად 11 400 ქართველი იღუპება. მათ შორის მინიმუმ 2 100 არამწეველია. მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშ მოსახლეობის 43% სახლებში, ხოლო დასაქმებულთა 15.8% სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან. 2018 წელს გაეროს განვითარების პროგრამის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ჩარჩო კონვენციის სამდივნოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მიერ საქართველოში განხორციელებული თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დანერგვის საინვესტიციო შემთხვევის კვლევის თანახმად, თამბაქოს მოხმარებას ეკონომიკაზე 825 მილიონიანი ტვირთი აქვს, რაც ქვეყნის მშპ–ის დაახლოებით 2.43%-ია. ზარალის ამ ოდენობიდან 327 მილიონი თამბაქოს მოხმარების პირდაპირ ხარჯებს შეადგენს, ხოლო დანარჩენი არაპირდაპირი ხარჯებია, რომლებიც, თავის მხრივ,  პროდუქტიულობის დაკარგვასა და ნაადრევ სიკვდილიანობას უკავშირდება.

მიუხედავად თამბაქოს მოხმარების კონტროლის კანონის გამკაცრების მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯებისა, თამბაქოს მოხმარება და მისი თანმდევი პრობლემები საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. კერძოდ, თამბაქოს მოხმარება საქართველოში სიკვდილიანობისა და დაავადებების გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების, როგორიცაა კიბო, გულისა და რესპირატორული დაავადებების ზრდას. ეს დაავადებები მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთს აყენებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას, რამდენადაც მათი მკურნალობა მნიშვნელოვანი რესურსების გამოყოფას საჭიროებენ. 

თამბაქოს მწეველთა რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია საქართველოში გარკვეულ პოპულაციაში, როგორიცაა მამაკაცები და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ადამიანები. ამ პოპულაციებს შეიძლება შეექმნათ გარკვეული სახის ბარიერები ჯანდაცვის სერვისებზე წვდომისათვის. 

რამდენად რეალისტურია 4 წელიწადში დაავადებების შემცირება დაკავშირებული იყოს თამბაქოს კონტროლის გამკაცრებასთან?

NCDC-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ზრდასრულთა შორის თამბაქოს მოხმარება 2.8%-ითაა შემცირებული. აღნიშნული მონაცემი მიღებულია 2016 წელს ჩატარებული არაგადამდებ დაავადებათა რისკფაქტორების კვლევისა (STEPS) და 2020 წელს ჩატარებული ტაქსებში მოწევის აკრძალვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის კვლევის (TTS) შედარების საფუძველზე. ამასთანავე, თამბაქოს მოხმარება კაცებში 7.5%-ით  შემცირდა, ხოლო ქალებში  გაიზარდა 1.5%-ით.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ორი კვლევის მეთოდოლოგია ერთმანეთისგან თვისებრივად განსხვავებულია. 2016 წელს ჩატარებული კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში არაგადამდები დაავადებების ძირითადი რისკის ფაქტორების გავრცელებისა და თავისებურებების შესწავლა, შემდგომში არაგადამდები დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ეფექტური ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით. ამასთან, კვლევა ჩატარდა ჯანმო-ს სტანდარტული ინსტრუმენტის, STEPS მეთოდოლოგიით. აღნიშნული მიდგომა არის საერთაშორისოდ შესადარებელი, სტანდარტიზებული და ინტეგრირებული ზედამხედველობის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ქვეყნებს შეუძლიათ შეაგროვონ, გააანალიზონ და გაავრცელონ ძირითადი ინფორმაცია არაგადამდები დაავადებების (NCDs) შესახებ. კვლევისას რესპონდენტებს დაესვათ კითხვები ამჟამად მწეველობის, წარსულში მწეველობის, მოწევის დაწყების ასაკის, მწეველობის ხანგრძლივობის, დღიურად მოწეული სიგარეტის ღერების რაოდენობის, არამოსაწევი თამბაქოს მოხმარების, მოხმარებული თამბაქოს ტიპების, მეორადი კვამლის ზეგავლენის შესახებ. ამასთან, კვლევა ერთდროულად განხორციელდა როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. კვლევაში გამოყენებული იყო მრავალსაფეხურეობრივი კლასტერული შერჩევის მეთოდი. 

რაც შეეხება 2020 წელს ჩატარებული კვლევას, იგი ეხებოდა ტაქსებში მოწევის აკრძალვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის საკითხს. აღნიშნული კვლევა ჩატარდა ალბათური მრავალსაფეხურიანი სტრატიფიცირებული შერჩევითა და სატელეფონო ინტერვიუს გამოყენებით. ეს კი, თავის მხრივ, ზრდიდა იმის შესაძლებლობას, რომ რესპონდენტის პასუხი სიმართლესთან შესაბამისობაში არ ყოფილიყო. 

გარდა ამისა, აღნიშნული კვლევის ცდომილების ზღვარი 3%-ია, ხოლო STEPS-ის კვლევის – 1%. ორი კვლევის შედარება სხვადასხვა ცდომილების ზღვრებით პრობლემურია, რადგან კვლევები შეფასებების სიზუსტის თვალსაზრისით პირდაპირ შედარებადი არ არის. ზოგადად, კვლევისთვის ცდომილების ზღვარი არის შეფასებების სიზუსტის ინდიკატორი და ეს დამოკიდებულია შერჩევის ზომაზე და კვლევისთვის შერჩეულ ნდობის დონეზე. ცდომილების მცირე ზღვარი მიუთითებს უფრო ზუსტ შეფასებაზე.  

იმის გათვალისწინებით, რომ გამოკითხვებს, რომლებიც იყენებენ სხვადასხვა მეთოდოლოგიას, შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებები ნიმუშების შერჩევაში, კითხვების ფორმულირებაში, მონაცემთა შეგროვების მეთოდებში და სხვა ფაქტორებში, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს კვლევის შედეგებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევების შედარებას შესაძლოა ჰქონდეს შეზღუდვები და შეიცავდეს მიკერძოებულ ტენდენციას. 

ამგვარად, თუ გვინდა, გავიგოთ რეალურად მწეველთა რაოდენობა რამდენით შემცირდა, მათ შორის, რამდენი გადაერთო ალტერნატიულ პროდუქტებზე, რამდენი ისევ მოიხმარს, მნიშვნელოვანია, ჩატარდეს იგივე ტიპის კვლება STEPS-ის მეთოდოლოგიით როგორც 2016 წელს.

თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) 2019 წლის დეკემბრის ანგარიშის თანახმად, სწორედ 2018 წლის მაისში ამოქმედებული თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი რეგულაციების დამსახურებაა ის, რომ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული (ფქოდ) დაავადების, ასთმის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა და ინსულტის ახალი შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა შემცირებულია. 

თუმცა, ზოგადად, ოთხი წელი შეიძლება არ იყოს საკმარისი დრო, რათა სრულად შეფასდეს თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვების გავლენა დაავადების მაჩვენებლებზე. ბევრ ქრონიკულ დაავადების სიმპტომების გამოვლენას, მაგალითად, როგორიცაა ფილტვის კიბო და გულის დაავადება, შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს, ხოლო პარალელურად ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ 4 წელზე მეტი შეიძლება დასჭირდეს თამბაქოს მოხმარების ცვლილებას, რომელსაც დაავადების სიხშირის გაზომვადი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია. 

"გადაჭარბებაა თქმა იმისა, რომ რამდენიმე წელიწადში დაავადებების შემცირება ან თუნდაც მწეველობის შემცირება  მხოლოდ და მხოლოდ ამ კანონის გამოა, ასე ნამდვილად არ არის და არც იქნება, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მედიცინა მიდის წინ, ძალიან ბევრი ინტერვენციული თუ არაინტერვენციული მეთოდია, რომელიც მაგალითად გულსისხლძარღვთა დაავადებებს მკურნალობს. აგრეთვე, პრევენციულად მედიკამენტების მიღება, ინვაზიური ჩარევები და სხვა თანამედროვე დიგიტალური ტექნოლოგიების გამოყენება  და ა.შ ეს ყველაფერი ეხმარება, რომ მოხდეს პრევენცია ან/და უფრო სწრაფი და ეფექტური მკურნალობა. არასერიოზული იქნება, რომ კანონს დავაბრალოთ ეს. შესაძლო, ამას ამბობდეს ვინმე, რადგან სურდეს გაამართლოს ის ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ამ კანონის იმპლემენტაციაზე ხარჯავს. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ხელისშემწყობი და არა პირდაპირ კავშირში".  ამბობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი, გიგი წერეთელი. 

განსხვავებული მოსაზრება აქვს ჯანდაცვის ექსპერტს, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ტაბულას ესაუბრა. 

"მართალია, რომ დაავადებების შემცირება მყისიერად არ ხდება, რაც შეეხება სიმსივნით დაავადებებს, მაგრამ სამაგიეროდ იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და მიოკარდიული ინფარქციის და გულის შეტევის და ინსულტის გამოძახებების 80 პროცენტიანი შემცირება 2019 წელს, ანუ 1 წლის თავზე, მას შემდეგ რაც კანონში შევიდა ძირითადი რეგულაციები. დაახლოებით იგივე მოხდა ინგლისში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში პასიური მოწევის შემცირების გამო, საჯარო სივრცეებში მოწევის აკრძალვის შედეგად. ვინც პასიური მწეველი იყო და დღის ნაწილს ატარებდა კვამლით სავსე შენობები, ეს ფაქტობრივად მოიხსნა. ეს იყო დაუყოვნებელი შედეგი".  ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ტაბულასთან საუბრისას.  

არაგადამდები დაავადებებით ნაადრევი სიკვდილიანობის ტვირთი 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის მიხედვით, რომელიც 2021 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას ასახავს, ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება და ინსულტი იწვევს როგორც მაღალ სიკვდილიანობას, ასევე მაღალ ავადობას. მთლიანობაში, არაგადამდები დაავადებებით ნაადრევი სიკვდილიანობის ტვირთი იმდენად მაღალია, რომ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრად განვითარებას.

ჯანმო-ს მიერ შემოთავაზებული ფაქტების არსებობის მიუხედავად, აკაკი ზოიძე ტაბულასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სწორედ კანონით გათვალისწინებული რეგულაციების დამსახურებაა თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების შემცირება. 

"კანონის გრძელვადიანი შედეგია ის, რაც ეხება სიმსივნეს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემცირებას. რაც მთავარია, კონკრეტულად ვიცით, რომ ამ 4 წელიწადში 100 000 ათასამდე ადამიანმა დაანება თავი ან არ დაიწყო მოწევა. აი, ეს მოგვცემს ძალიან კარგ შედეგს, ამასთან, შემცირდა არა მხოლოდ მოწეული თამბაქოს რაოდენობა, არამედ, მწეველთა რაოდენობაც". – ამბობს აკაკი ზოიძე. 

"წამყვანი ქცევითი რისკ-ფაქტორებია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება და არაჯანსაღი კვება. თამბაქოს მოხმარება 2020 წელს 31.7% იყო 15 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. მამაკაცის მოწევის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში, 15 წელზე უფროსი ასაკის ყველა მამაკაცის 56.3%, ხოლო ქალების მოწევის მაჩვენებელი, 7.1% - ყველაზე დაბალი". – ვკითხულობთ ჯანმო-ს ანგარიშში. 

ამასთანავე, ჯანმო-ს მიხედვით, 2017 წელს მიღებული კანონისა და თამბაქოს შემცირებისკენ მიმართული შესაბამისი პოლიტიკის განხორციელების შედეგად, 2020 წლისთვის მოწევის მოხმარება შემცირდა 10%-ით, თამბაქოს მოხმარება მწეველებში 15%-ით, ხოლო თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება საზოგადოებრივ ადგილებში 90%-ით.

"მსოფლიოში არსებობს ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები, რომელსაც ასევე ბევრი მოიხმარს. მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცამ მოწევას თავი დაანება და სხვა პროდუქტებზე გადავიდა, არ არის. შესაძლებელია სიგარეტის მოწევა იყოს შემცირებული, მაგრამ შეიძლება ახალი პროდუქტით იყოს ჩანაცვლებული".  აღნიშნა გიგი წერეთელმა ტაბულასთან საუბრისას.  

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ოთხი წელი შეიძლება არ იყოს საკმარისი დრო დაავადების მაჩვენებლებზე თამბაქოს მოხმარების შეზღუდვების გავლენის სრულად შესაფასებლად, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს უფრო გრძელვადიანი კვლევები ამ პოლიტიკის  მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე გავლენის სრულად გასაგებად.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კანონი კონტროლის პოლიტიკის ნაწილია, რომელთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პრობლემები და გამოწვევები. რამდენადაც რეგულაციის აღსრულების გაკონტროლება ძვირია, ხოლო პრობლემის ბოლომდე აღმოფხვრა რთული. 

"კანონი არსებობს, რაღაც ნაწილში მისი აღსრულება ხდება, კულტურაც გამომუშავდა, ალბათ, მაგრამ წარმოუდგენლად დიდი იქნება დარღვევები და ამის კონტროლის მექანიზმების სუსტია. არა მარტო დედაქალაქში, რეგიონებში კიდევ უფრო რთული ვითარებაა. მაგალითად, მახსოვს, ერთ-ერთი სპორტული მატჩის დრო გადიოდა ქართული სიგარეტის რეკლამა. ეს არის წარმოუდგენელი დარღვევა, განსაკუთრებით ვისაც ეხება ამის კონტროლი. არ ვიცი, ამას მოყვა თუ არა სანქცია, და არა მგონია, ეს პირველი შემთხვევა ყოფილიყო. ეს იყო მტკიცებულება, რომ ამ მხრივ კანონი არ სრულდება, ან სრულდება ცუდად".  ამბობს გიგი წერეთელი.

კომენტარები