თამბაქო

თამბაქოს კონტროლის კანონი ძალაშია - ყველაფერი რაც იცვლება და იკრძალება

pbs

საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო თამბაქოს შესახებ ახალი რეგულაციები, რომლებიც ეტაპობრივად ამოქმედდება. მომავალი წლის დასაწყისიდან თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვა ხდება აუცილებელი, რაც ნაწარმის ამოცნობას გაართულებს. ასევე კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების - პიქტოგრამების დატანა იქნება სავალდებულო. კანონპროექტს ასამოქმედებლად მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერაღა ესაჭიროება. ბიზნესი ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მას სავარაუდოდ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრებს.

ყველაფერი, რაც თამბაქოს კონტროლის კანონით იცვლება და იკრძალება:

  1. 2018 წლის პირველი იანვრიდან იკრძალება სიგარეტის შეფუთვასა და სიგარეტის ღერებზე ნებისმიერი სახით ბრენდული ნიშნის განთავსება. ყველა დასახელების სიგარეტი ერთნაირი შეფუთვით გაიყიდება და არცერთზე არ იქნება მითითებული თუ რა ბრენდია.
  2. თამბაქოს მოხმარება იკრძალება ნებისმიერი ტიპის შენობა-ნაგებობაში. (ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), რომელსაც გააჩნია იატაკი, ნებისმიერი სახის სახურავი ან ჭერი და ზედაპირის (გარდა სახურავისა, ჭერისა, იატაკისა) მინიმუმ 1/2-ზე გააჩნია ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები (ღია ან დახურული ფანჯრის და კარის ჩათვლით). აქ გამონაკლისი მხოლოდ კერძო ბინები, სასჯელაღსრულების დაწესებულება, სამორინე, ფსიქიატრიული მედიცინის დაწესებულებაში.
  3. თამბაქოს მოხმარება იკრძალება ყველა ტიპის ტრანსპორტში (მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, გემი, თვითმფრინავი და სხვა) გარდა ღია კატერისა და ტაქსისა.
  4. თამბაქოს მოხმარება იკრძალება ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები
  5. თამბაქოს მოხმარება იკრძალება სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია
  6. აკრძალულია თამბაქოს მოწევის ან მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, თუ ეს არ არის ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრა
  7. აკრძალულია თამბაქოს გაყიდვა ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით
  8. იკრძალება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ხილვადია ობიექტის გარედან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელისა, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზეც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩართულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა);
  9. იკრძალება თამბაქოს ნაწარმის ან მისი აქსესუარის რეალიზაცია იმგვარად, რომ ობიექტიდან მისი მიწოდება ხდება უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის
  10. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება ან გათამაშება, ან რაიმე სხვა ფორმით გათამაშება ან/და ამგვარ ღონისძიებებში თამბაქოს ნაწარმის, ან მისი რომელიმე ნაწილის საშუალებით, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის საშუალებით ან მათი განაწილებით მონაწილეობა, ასევე, ყველა სხვა სახით თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია.
  11. იკრძალება თანხის გადახდა, ჯილდო ან სხვაგვარი წვლილის შეტანა საცალო მოვაჭრის საქმიანობაში, რომელიც გამიზნულია მათი მოტივირებისათვის გაყიდონ მეტი თამბაქოს ნაწარმი;
  12. იკრძალება თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის, მათთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირების მიერ თანხის გადახდა ან სხვაგვარი წვლილის შეტანა ღონისძიებაში, ინდივიდუალური პირის ან ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელიც შედეგად ახდენს თამბაქოს ნაწარმის, მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის ან მათი წარმომადგენლის პოპულარიზაცია;
  13. იკრძალება ისეთი სათამაშოს, ტკბილეულის ან სხვა არათამბაქოს ნაწარმის გაყიდვა ან დარიგება, რომელიც წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმის ილუსტრაციას, სიმულაციას ან იმიტირებას.
  14. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში უნდა განთავსდეს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი კონსულტაციის მისაღებად, აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 18 წლამდე პირებზე თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის გაყიდვა აკრძალულია. ასეთი სამედიცინო გაფრთხილება უნდა განთავსდეს არანაკლებ A4 ფორმატის ქაღალდზე.
  15. თამბაქოს შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილების მოცულობა 65%-მდე იზრდება.
  16. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, თამბაქოს კვამლი არ უნდა ხვდებოდეს სხვა სივრცეში და ამ ოთახში არ უნდა ხდებოდეს საკვების და სასმელის შეტანა და მოხმარება. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალური მოსაწევი ოთახის გამოყოფის წესი, აგრეთვე სპეციალური მოსაწევი ოთხისთვის სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

კანონპროექტის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ - PDF დოკუმენტი

კომენტარები