თამბაქოს მოხმარება

თამბაქოს მოხმარების სტატისტიკა საქართველოში – კვლევა

BM.GE

2021 წლის მონაცემებით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 27.1% თამბაქოს ტრადიციულ პროდუქტს ყოველდღიურად ან უფრო იშვიათად ეწევა. 

კვლევას ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.

სტატისტიკური მონაცემები ეყრდნობა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 2021 წლის აპრილში მომზადებულ სატელეფონო გამოკითხვას, რომელშიც 1 236 ადამიანი იყო შერჩეული.

2021 წლისთვის, თამბაქოს ტრადიციულ პროდუქტს ზრდასრული მოსახლეობის 27.1% ეწევა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია – 5 წლის წინ მოხმარების გავრცელება 31%-ს შეადგენდა.

კვლევის თანახმად, ეს შემცირება, მეტწილად, მოდის მამაკაცებზე , რომელთა მწეველი ნაწილი 2021 წელს 43.3%-ს შეადგენს, მაშინ, როცა 2016 წელს ეს რიცხვი 57%-ს აღემატებოდა. მეორე მხრივ, 2016 წელთან შედარებით გაზრდილია მწეველი ქალების რიცხვი. 2021 წლისათვის, ზრდასრული ქალების 8.7% ეწევა. რეგიონული თვალსაზრისით, მოწევა ყველაზე გავრცელებულია თბილისში, სადაც მოსახლეობის თითქმის მესამედი მწეველია.

ISET-PI

კვლევამ შეაგროვა ინფორმაცია თამბაქოს ზიანის შემამცირებელი პროდუქტების(HRP) მოხმარების შესახებაც, რომლის პოპულარობა საქართველოში ჯერ კიდევ დაბალია, რადგან ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 3.5% და 3.3%, შესაბამისად, ეწევა ელექტრონულ სიგარეტს და გასახურებელ თამბაქოს:

ISET-PI
ISET-PI

შეგახსენებთ, რომ საქართველომ თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ეროვნული სტრატეგია 2013 წელს მიიღო. თუმცა, 2021 წლის მონაცემებით, მოწევაზე უარის თქმის ხელშემწყობი სერვისები ხელმისაწვდომია მხოლოდ კერძო სამედიცინო დაწესებულებებში და მათ ღირებულებას მხოლოდ ნაწილობრივ ანაზღაურებს ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა. თუმცა, 2020 წლის იანვრიდან მოწევისთვის თავის დანებების ხელშემწყობ სერვისებზე წვდომის გასაუმჯობესებლად, მოწევისთვის თავის დანებების ხელშემწყობი სამედიცინო საშუალებები გათავისუფლებულია დღგ-ისა და იმპორტის გადასახადიდან.

კვლევითი დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მოწევისთვის თავის დანებების ხელშემწყობი სერვისების ხელმისაწვდომობა და მათზე მოთხოვნა ძალიან დაბალია. რესპონდენტებს ჰკითხეს, ცდილობდნენ თუ არა მოწევის შეწყვეტას ბოლო ერთი წლის განმავლობაში და რომელი მეთოდი გამოიყენეს, რაზეც მონაწილეთა თითქმის ნახევარმა უპასუხა, რომ არ ცდილობდა თავის დანებებას, ხოლო 13.4%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

რესპონდენტთა მხოლოდ 2.2%-მა გამოიყენა ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია, სხვა მედიკამენტები და სამედიცინო დაწესებულებებში კონსულტაცია, ხოლო 3.3% გადავიდა ელექტრონულ სიგარეტზე ან გასახურებელ თამბაქოზე. აბსოლუტური უმრავლესობა (32.7%) ცდილობდა მოწევისთვის თავის დანებებას დამატებითი მეთოდების გარეშე – მხოლოდ თვითკონტროლით.

 

კომენტარები