საქართველოს პროკურატურა

პროკურატურა: რუსეთის მოქალაქე, რომელსაც FBI ეძებდა, აშშ-ს გადავეცით

საქართველოს პროკურატურა / Facebook

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში FBI-ის მიერ ძებნილი პირის ექსტრადირება მოხდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, კომპიუტერული დანაშაულისთვის ძებნილი რუსეთის მოქალაქე "ამერიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს" გადასცეს.

"აშშ-ში ჩატარებული გამოძიების მიხედვით დადგენილია, რომ რუსეთის მოქალაქე 2016-2019 წლებში მის მიერვე შექმნილი კომპიუტერული ვირუსის გამოყენებით დაზარალებულების, მათ შორის, ფლორიდაში მცხოვრები პირების კომპიუტერულ სისტემაში შესაღწევად საჭირო მონაცემებს დაეუფლა. ამასთან, ძებნილი პირი ინტერნეტპლატფორმის გამოყენებით მოპოვებულ მონაცემებს და თავად კომპიუტერულ ვირუსს სხვა პირებზე ასაღებდა. აღნიშნული ქმედებების შედეგად, ბრალდებულმა დაახლოებით 1 000 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

ძებნილი პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 22 ოქტომბერს ქობულეთში დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის აშშ-ში ექსტრადიცია თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო, რის შემდგომაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები