საქართველოს უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტი პრემიერზე: სამართლებრივ პროცედურებს დავიწყებთ ცრუ კამპანიის გამო

საქართველოს უნივერსიტეტი ირაკლი ღარიბაშვილი TV იმედთან ინტერვიუს დროს გაკეთებული განცხადებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და სამართლებრივი პროცედურების დაწყებას აპირებს. უნივერსიტეტის შეფასებით, პრემიერმინისტრის განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს და ლახავს მათ ღირსებასა და პრესტიჟს.

"საქართველოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის შეძენასთან დაკავშირებით წლებია, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია. გუშინაც ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ თითქოს უნივერსიტეტი ქალბატონ გიული ალასანიას გადაეცა 1 ლარად. გვსურს, იმედი დავიტოვოთ, რომ პრემიერის განცხადება განპირობებულია არა ცილისწამების მიზნით, არამედ ინფორმაციის უქონლობით.

იმისათვის, რომ პრემიერმა მომავალში თავიდან აიცილოს ყალბი ინფორმაციის გავრცელება, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას სიმართლე: წლების წინ უნივერსიტეტი დააარსეს გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ და მათთვის ის არავის "გადაუცია“. რაც შეეხება შენობა-ნაგებობებს, ყველაფერი შეძენილია ღია აუქციონზე და გადახდილია 4 მილიონ აშშ დოლარამდე. ეს თანხა უნივერსიტეტმა საბანკო კრედიტის საშუალებით დაფარა. ცხადია, ხელთ გვაქვს ამის დამადასტურებელი ყოველგვარი საბუთი. აღნიშნულ ცრუ კამპანიასთან დაკავშირებით ვაპირებთ სამართლებრივი პროცედურების დაწყებასაც და მზად ვართ, ამ თემაზე დეტალურად ვისაუბროთ ნებისმიერ სატელევიზიო სივრცეში, ნებისმიერ პირთან, მათ შორის, ბატონ პრემიერთანაც" - ნათქამია განცხადებაში.

როგორც საქართველოს უნივერსიტეტი აღნიშნავს, "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის იცავს ქვეყნის ინტერესებს და საკუთარი წვლილი შეაქვს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებაში, ის აპოლიტიკური დაწესებულებაა, სადაც ადამიანი იღებს ობიექტურ განათლებას. აღსანიშნავია, რომ აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი არაერთი თვალსაჩინო პირიც".

"გარდა ზემოთქმულისა, ჩვენთვის უფრო შემაშფოთებელი იყო გუშინ პრემიერის მიერ ჩვენს სტუდენტებზე გავრცელებული ინფორმაცია, რასაც მოვიაზრებთ მათ შეურაცხყოფად: ბატონმა ღარიბაშვილმა ისინი წარმოაჩინა, როგორც უნივერსიტეტის მიერ მართული ჯგუფი. ასევე შემაშფოთებელი და გულდასაწყვეტია მისი მხრიდან უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასება, როგორც "ძირგამომთხრელის და არასახელმწიფოებრივის“. საქართველოს უნივერსიტეტი ამაყობს იმით, რომ ზრდის თავისუფლად მოაზროვნე თაობას, რომელიც თავად წყვეტს, რომელ აქციაზე დადგეს, რა მოითხოვოს და როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები, იქნება ეს უნივერსიტეტის კედლებს შიგნით თუ მის გარეთ. ქვეყნის უახლეს ისტორიაში ქართველმა სტუდენტებმა არაერთხელ ითამაშეს გადამწყვეტი როლი და მიგვაჩნია, რომ ამ როლის დაკნინება სტუდენტებისთვის სილის გაწვნის ტოლფასია.

საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის იდგება ნათელ მხარეს - სამშობლოსა და ახალგაზრდების ინტერესების სადარაჯოზე. Libertas, Humanitas, Excelentia!" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები