მიანმარი

მიანმარში სამხედრო ხუნტამ ერთ-ერთ მონასტერში, სულ მცირე, 33 ადამიანი მოკლა

მიანმარში, შანის შტატში ერთ-ერთ მონასტერში სამხედრო ხუნტის თავდასხმას, სულ მცირე, 33 ადამიანი, მათ შორის 3 ბუდისტი ბერი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი ამობოხებული ჯგუფი KNDF ავრცელებს.

ამბოხებულთა ცნობით, სამხედრო ხუნტის საჰაერო ძალები და არტილერია ერთ-ერთი სოფელში შაბათს შეიჭრა და მონასტერში შეფარებულ სოფლის მაცხოვრებლებს ცეცხლი გაუხსნა. ამბოხებულები ცნობასთან ერთად შესაბამის ვიდეოჩანაწერსაც ავრცელებენ.

მათივე ცნობით, სამხედრო ხუნტის ჯარისკაცებმა დააზიანეს და გადაწვეს მონასტერთან ახლოს მდგომი შენობები და საცხოვრებელი სახლები.


2021 წლის პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ უშიშროების ძალები მომაკვდინებელ ძალას იყენებს. ადგილობრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის ცნობით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ უშიშროების ძალებმა 860 ადამიანი მოკლეს, დაკავებულია 5 000-მდე ადამიანი.

ხუნტისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მიანმარის ეროვნული ერთობის მთავრობამ სახალხო თავდაცვის ძალები ჩამოაყალიბა. სახალხო თავდაცვის ძალები ხუნტამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 

აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს მარტში სანქციები დაუწესეს. 17 მაისს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ მიანმარის სამხედრო ხუნტას დამატებითი სანქციები დაუწესა.

მიანმარის სამხედრო ხუნტამ ქვეყნის ყოფილ სახელმწიფო მრჩეველს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და დე ფაქტო ლიდერს, აუნ სან სუ ჩის 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის დაადანაშაულეს და ბრალდებულად ცნეს Covid-19-ის რეგულაციების დარღვევების წახალისებაში, ბუნებრივი კატასტროფების კანონის ქვეშ. 

კომენტარები