რუსული კანონი

ჰელსინკის კომისია: დავაკვირდებით ყურადღებით, რათა კანონპროექტი ოფიციალურად გაუქმდეს

ტაბულა

ჰელსინკის კომისია რუსული კანონის გაწვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის ოფიციალურად გაუქმების პროცესს დააკვირდებიან. 

"საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება, რომ გააუქმებს რუსეთის მსგავს კანონპროექტს უცხოელი აგენტების შესახებ, მისასალმებელი ნაბიჯია იმ კრიზისის განმუხტვისთვის, რომელიც მხოლოდ თავად გამოიწვია. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რათა დავინახოთ, რომ კანონპროექტი ფაქტობრივად ოფიციალურად გაუქმებულია და მომიტინგეები სწრაფად გათავისუფლდებიან.

ქართული ოცნებისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ქართველი ხალხი არ იქნება პასიური დემოკრატიის ნებისმიერ ჩამოშლასა და მათი ევროატლანტიკური არჩევანის დათმობაში. მოდით, ახლა ყველამ ერთად ვიმუშაოთ მისი დემოკრატიის ჭეშმარიტად განვითარებისა და დასავლური ინტეგრაციის გასაგრძელებლად". - წერს ჰელსინკის კომისია. 

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიხმეს და მას მეორე მოსმენით ჩააგდებენ. მათივე მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა უკვე გაიწვიეს კანონპროექტის მეორე ვერსია, რომელიც მხოლოდ კომიტეტების დონეზე იყო მხარდაჭერილი. საქართველოს პარლამენტი ავრცელებს შალვა პაპუაშვილის წერილსაც, რომელიც მან ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს გაუგზავნა.

ქართული ოცნების დაპირების მიუხედავად, პარლამენტთან მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ. ისინი ითხოვდნენ, სასწრაფოდ დაენიშნა პარლამენტს პლენარული სხდომა და გაეთავისუფლებინა 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული 133 პირი. დღეს საღამოს ცნობილი გახდა, რომ შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა ადამიანი გაათავისუფლა.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

კომენტარები