რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური: ბახმუტის შენარჩუნების მნიშვნელობა მხოლოდ იზრდება

ალექსანდრ სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, ქალაქი ბახმუტის შენარჩუნების მნიშვნელობა უკრაინისთვის დღითიდღე იზრდება.

"ბახმუტის შენარჩუნების მნიშვნელობა მხოლოდ იზრდება. ყოველ დღე ქალაქის დაცვა ჩვენ რეზერვების მომზადებისა და მომდევნო იერიშების ოპერაციებისთვის მომზადებისთვის დროის მოგების შესაძლებლობას გვაძლევს. ამავდროულად ამ ციხესიმაგრისთვის ბრძოლაში მტერი კარგავს ყველაზე მომზადებულ და ბრძოლისუნარიან სამხედრო ნაწილს - ვაგნერის მოიერიშე დანაყოფებს". – წერს სირსკი. 

6 მარტს გერმანული გამოცემა Bild-ი წერდა, რომ ზელენსკისა და მთავარსარდალ ზალუჟნის შორის ბახმუტთან დაკავშირებით უთანხმოება იყო. გამოცემის წყაროების მიხედვით, ზალუჟნიმ რამდენიმე კვირის წინ რეკომენდაციის სახით თქვა, რომ ტაქტიკური მიზნებით, ბახმუტი დაეტოვებინათ, რადგან ამ მიმართულებით რუსეთის გარდა დიდი იყო უკრაინის დანაკარგიც. თუმცა ამ ცნობების გავრცელების შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ  ბახმუტის სიტუაციასთან დაკავშირებულ სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნისა და სახმელეთო ჯარების მეთაურს, ალექსანდრ სირსკის პირდაპირ ჰკითხა, უნდა გასულიყვნენ თუ არა ქალაქიდან. მისივე თქმით, ორივეს პასუხი იყო, რომ ქალაქი არ უნდა დატოვონ და უნდა გამაგრდნენ. ზელენსკიმ მთავარსარდალს მისცა განკარგულება, რომ ბახმუტში უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად შესაბამისი ძალები გამონახოს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის რამდენიმე დღის წინანდელი ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტში დიდი წნეხის ქვეშ არიან. მათივე ცნობით, ვაგნერი და რუსეთის რეგულარული არმია ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბნებში დაწინაურდნენ. საპასუხოდ, უკრაინა საკუთარი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიას ელიტური რაზმებით ავსებს. ასევე ბრიტანეთის დაზვერვის მიხედვით, ბოლო ორ დღეში ბახმუტში განადგურდა უკრაინული ძალებისთვის მნიშვნელოვანი ორი ხიდი, მათ შორის სასიცოცხლო მნიშვნელობის ხიდი, რომელიც ბახმუტისთვის მთავარი მიწოდების ხაზი იყო და ჩასივ-იართან აკავშირებდა.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ბახმუტის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან ძირითადად ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იბრძვის.

 

კომენტარები