რუსული კანონი

შავი დღე საქართველოს დემოკრატიისთვის – უცხოელი პარტნიორების შეფასებები [განახლებადი]

გუშინ, 7 მარტს 76 მომხრითა და 13 მოწინააღმდეგით – ქართულმა ოცნებამ უცხოელ აგენტებზე რუსული კანონის ერთი ვერსია, რომელსაც "ამერიკულს" უწოდებს, პირველი მოსმენით მიიღო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

კანონპროექტის განხილვის პარალელურად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობდა. რუსული კანონის მიღებასა და მოქალაქეების საპასუხო რეაქციას საქართველოს უცხოელი პარტნიორებიც გამოეხმაურა. "დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა". - აღნიშნა ამერიკის საელჩომ პლენარულ სხდომაზე აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტების განხილვის შეფასებისას.

გთავაზობთ, საქართველოს დასავლელი პარტნიორების შეფასებებს: 

ამერიკის საელჩო საქართველოში: 

"დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი".

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი: 

"როგორც იცით, არ ვსაუბრობ კონკრეტულ ხალხზე ან პირებზე, ვისაც შესაძლოა აშშ-ს ან სხვა სანქციები დაუწესდეს, მაგრამ ჩვენ განკარგულებაშია რიგი ხელსაწყოები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს პასუხისგებაში მივცეთ ნებისმიერი პირი, ნებისმიერ ადგილზე, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ვინც პასუხისმგებელია საყოველთაო ადამიანის უფლებათა შეზღუდვაზე. არსებობს იურისდიქცია, რომელიც გაწერილია სხვადასხვა კანონებსა და აღმასრულებელ განკარგულებებში, რომლებსაც ამ კონტექსტში, ისევე როგორც ნებისმიერ კონტექსტში, ყურადღებით დავაკვირდებით, რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც შესაძლოა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს და პირველ რიგში იმას, რასაც ქართველი ხალხი ელის და იმსახურებს საკუთარი საყოველთაო უფლებებით.

[...] აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. თქვენ იკითხეთ, თუ რას ვგრძნობთ - ეს ღრმა შეშფოთებაა. თქვენ გესმოდათ, რომ აშშ ბოლო დღეებში ამას პერიოდულად აცხადებდა. ღრმა შეშფოთების შეგრძნება ამ კანონპროექტის პოტენციური შედეგების გამოა. ეს კანონპროექტი შეეხება ისეთ მნიშვნელოვან უფლებებს, რომლებიც ქართველი ხალხის კონსოლიდირებული დემოკრატიის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და უკეთესი მომავლის მისწრაფებებისთვის ცენტრალურია. ეს გამოიწვევს სტიგმატიზირებასა და დადუმებას დამოუკიდებელი ხმების, საქართველოს მოქალაქეების, რომელთაც არაფერი სურს იმაზე მეტად, ვიდრე უკეთესი მომავლისთვის ერთობლივი მუშაობა. მომავალი, რომელიც ინტეგრირებულია ევროპასთან. მომავალი, რომელიც დემოკრატიული და თავისუფალია, სადაც საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა.

[...] ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, იქნება ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდებაზე პასუხისმგებელი. ჩვენ ამის ხილვა არ გვსურს. აშშ-ს გარდა ესაა ევროკავშირი, გაერო, ყველაზე მნიშვნელოვანი - ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოებრივი ჯგუფები - ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ყველამ ღრმა შეშფოთება გამოხატა.

გვაშფოთებს, რომ აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობა შესაძლოა საფრთხეში ჩავარდეს, თუ მსგავს კანონს გაატარებენ. პირველ რიგში, ეს იქნება ქართველი ხალხისა და მთავრობის გადაწყვეტილება. ჩვენი დიდი იმედია, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხს მოუსმენს. ქართველი ხალხი ცხადი ხმით საუბრობს და ახლა ვხედავთ, რომ ამ ზოგიერთ ცხად ხმას, ხმამაღალ ხმას ახშობენ ცრემლსადენი გაზით, რათა შეზღუდონ თავისუფალი შეკრების მშვიდობიანად განხორციელება, ეს ჩვენთვის შემაშფოთებელია, მაგრამ პირველ რიგში, ვფიქრობთ, რომ მსოფლიოს ხელისუფლებებმა, თბილისის მთავრობის ჩათვლით, საკუთარ ხალხს უნდა მოუსმინოს.

ჰელსინკის კომისია

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართველმა ხალხმა მკაფიოდ და თანმიმდევრულად აირჩია, რომ ყოფილიყო დემოკრატიული, ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი. თუმცა ანტიდემოკრატიული, რუსული კანონის ამოქმედებით უარყოფილი იქნება ქართველი ხალხის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები და გამოიკვეთება ქართული დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა.

ეს ასევე ასახავს დღევანდელი ხელისუფლების მზარდ სიახლოვეს რუსეთთან - იმ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, იტაცებს მის მოქალაქეებს, უგულებელყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს და არის ჩართული გენოციდურ ომში უკრაინის წინააღმდეგ.

ეს კანონპროექტი, ისევე როგორც მიმდინარე დემოკრატიული დაღმასვლა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე. 1991 წლიდან შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მტკიცე და ურყევი მეგობარია. ეს არ შეიცვლება, მიუხედავად ხელისუფლების პოზიციისა. ამ მეგობრობის სულისკვეთებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უარყოს ინიციირებული კანონპროექტი და ხელახლა აღუთქვას ერთგულება დემოკრატიას.

[...] უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი საქართველოში არის თავდასხმა ქვეყნის დასუსტებულ დემოკრატიაზე, მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის და პირდაპირი გამოწვევა ქართველი ხალხის თანმიმდევრული ევროატლანტიკური არჩევანისთვის. ის არანაირად არ ჰგავს შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი

სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ეს ძალიან ცუდი მოვლენაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის.

კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, რაც უარყოფით შედეგებს მოიტანს მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებელს იღებს მათი მუშაობიდან. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა. მის საბოლოო მიღებას შესაძლოა სერიოზული შედეგები ჰქონდეს ჩვენს ურთიერთობებზე.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი და ახსენებს ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. 

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები

"ჩვენ, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ე.წ უცხოური აგენტების კანონის პირველი მოსმენით მიღებით. თუ საქართველოს სურს პროგრესი ევროკავშირისა და NATO-ს მიმართულებით, მან უნდა დაიცვას დემოკრატიის პრინციპები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები".

ევროპარლამენტარი, მწვანეთა პარტიის დეპუტატი, მარკეტა გრეგოროვა

"მე ბევრი ვერბალური თავდასხმა მივიღე ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან ჩემი პარტიის პოპულარულობის გამო, რომ მას არ აქვს 40%. მინდა გითხრა, ირაკლი ღარიბაშვილო, ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია წყლის ჭავლი ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. შეაჩერეთ ეს სიგიჟე, შეაჩერეთ უცხოური აგენტების კანონი. ტაშს ვუკრავ ამ მამაც ხალხს".

ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე

"საქართველო ეკუთვნის ევროპას. "უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელებას. ვთხოვ საქართველოში ყველა პასუხისმგებლობიან პოლიტიკოსს, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან – მოუსმინეთ საკუთარ ხალხს. ნუ მოუწყობთ საბოტაჟს თქვენი ქვეყნის მომავალს".

უკრაინის რადის დეპუტატი, ოლეკსეი გონჩარენკო

მიმართვა ქართველ ხალხს. ქართველო ძმებო! უკრაინელი ხალხი ყოველთვის იქნება თქვენ გვერდით. ჩვენ ყოველთვის დაგიჭერთ მხარს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენ მხარეს. ასობით ქართველი ომობს ჩვენთან ერთად ჩვენი და თქვენი დამოუკიდებლობისთვის. ასობით უკრაინელი იყო თქვენთან 2008 წელს, როცა მტერი თავს დაგესხათ. რუსეთმა ვერ შეძლო თქვენი მიტაცება ძალით, ამიტომაც ის ცდილობს დაგიპყროთ კორუფციით. რუსეთმა ვერ გაანადგურა თქვენი სახელმწიფო, ამიტომ ის ცდილობს ვასალებად გაქციოთ. დაიცავით თქვენი თავისუფლება! დიდება საქართველოს!

ბელგიელი ევროპარლამენტარი და ევროპის განახლების ჯგუფის წევრი, ხი ვერჰოფშტადტი

"2014 წელს უკრაინის შემდეგ, დღეს საქართველო აკეთებს არჩევანს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის".

გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი

"როგორც საქართველოს მეგობრების, ევროკავშირის პოზიცია "უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის"  კანონპროექტთან დაკავშირებით იგივე რჩება: კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან, ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. ამას ვამბობ, როგორც მეგობარი".

ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, მარია ქრისტინა ვან კოლდამი

"ძალიან შეშფოთებული ვარ ამ კანონპროექტით, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ყოლა ნებისმიერი ქვეყნისთვის დიდი აქტივია. ეს კარგი გზაა რეფორმების პროცესის მხარდაჭერისთვის. ეს ბევრნაირად გამოიყენება საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად და არა მხოლოდ თბილისში. ეს არის საშუალება მზრუნველობისა და გვერდში დგომისთვის და ამისთვის ვართ აქ. ამას ვაკეთებთ, რომ სარგებელი მოვუტანოთ საქართველოს, მის მოსახლეობას, რეფორმების პროცესს. სხვათა შორის ბევრი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია გუნდურად მუშაობს ხელისუფლებასთან და ეს საამაყო უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით, უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის საჭიროებას ვერ ვხედავ და როდესაც გამჭვირვალობაზე ვლაპარაკობთ, არსებობს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სრულ გამჭვირვალობას. ჩვენ, დონორები გამჭვირვალეები ვართ და საუკეთესო ზრახვები გვაქვს".

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი

"გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული შემოთავაზებული კანონპროექტით".

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა

"საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს და მათ უფლებებს იცავენ. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც ეფექტიანი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.

კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ისეთი უფლებების პატივისცემასა და დაცვას, როგორიცაა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ამჟამინდელი წევრობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მოიძიოს სამართლებრივი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტზე კომპეტენტური რეგიონული და საერთაშორისო ორგანოებისგან, გაითვალისწინოს უკვე არსებული მოსაზრებები მსგავსი კანონმდებლობის შესახებ და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელზეც ამ კანონპროექტის მიღება შესაძლოა აისახოს.

მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის სტრატეგია რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი. ოცდაათ წელზე მეტია, გაერო საქართველოს სანდო პარტნიორი და მოკავშირეა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად  და დახმარებას უწევს ქართველ ხალხს ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას".

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი

"ძვირფასო თავმჯდომარევ, გწერთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით (N 07-3/293/10, რეგისტრირებულია 2023 წლის 14 თებერვალს). მიღების შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედიის უცხოური გავლენის აგენტებად რეგისტრაციას, თუ ისინი დაფინანსების ნაწილს საზღვარგარეთიდან იღებენ. როგორც ჩანს, კანონპროექტი აწესებს ცალკე სამართლებრივ რეჟიმს ასეთი სუბიექტებისთვის, რაც მათ დამატებით ავალებს ანგარიშგებას, ინსპექტირებას და უქვემდებარებს სანქციებს.

ვშიშობ, რომ ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მთელ რიგ სტანდარტებს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების ჭრილში. ამასთან, კანონს შესაძლოა ჰქონდეს სერიოზული მსუსხავი ეფექტი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე. შესაბამისად, მოვუწოდებ პარლამენტს, უარი თქვას ამ ან სხვა მსგავსი კანონპროექტის მიღებაზე.

გამჭვირვალობა შეიძლება იყოს ლეგიტიმური ინტერესი. მიუხედავად ამისა,  ეს მიზანი არ უნდა მიიღწეოდეს არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედიის მიერ თავიანთი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის, მათი ლეგიტიმური საქმიანობის დაზიანებით.

ანგარიშგების მოთხოვნა, შემოსავლის წყაროს მიუხედავად,  უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ და მიუკერძოებელ მიდგომას. ნებისმიერი ჩარევა ამ სფეროში უნდა შეესაბამებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს, როგორც ამას ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. ამასთან, მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის შესახებ, რომელიც ადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებას, მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება ლეგიტიმური საქმიანობისათვის, მათ შორის, უცხოური წყაროებიდან.

ამ ფონზე, გამოვთქვამ შეშფოთებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ამ კონტექსტში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის სპეციალური სტატუსისა და სამართლებრივი რეჟიმის შექმნა არ იყო გამართლებული, ასევე, ასეთ ინიციატივებს მნიშვნელოვანი მსუსხავი ეფექტი ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ შესაძლებლობაზე, შეესრულებინათ სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმური ფუნქციები.

შესაბამისად, მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, ცალსახად აიღონ ვალდებულება და ხელი შეუწყონ მრავალფეროვან და აქტიურ სამოქალაქო მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმეებში, საქართველოში შექმნან ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ფუნქციონირებისთვის.

მადლობელი ვიქნები, თუ უზრუნველყოფთ, რომ პარლამენტის ყველა წევრმა მიიღოს წერილის ასლი და გამოვთქვამ მზადყოფნას, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში, თქვენთან ერთად განვიხილო ზემოაღნიშნული საკითხები".

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო

მე არ ვარ მისი მწვრთნელი. მე ვეტყვი მას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იყო ხალხთან. ძალიან მნიშვნელოვანია მოუსმინო ადამიანებს. ხალხთან ერთად ყოფნა არის ჩემი რჩევა და გამოსავლის მოძებნაა მნიშვნელოვანი. იმედია, მშვიდობიანი გამოსავალი იქნება მოძებნილი. იმ შემთხვევაში მოხდება ეს, თუ მთავრობა მოუსმენს ხალხს, რაც უმნიშვნელოვანესია.

გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი

დღეს ევროპის გული თბილისში ძგერს. საქართველოს მომავალი თავისუფალი და ევროპულია და არა ავტორიტარული და რუსული. ამ სიგიჟის შეჩერება ჯერ კიდევ არაა გვიანი. 

მასალა განახლებადია 

კომენტარები