რუსული კანონი

აშშ: ქართველი ხალხის ხმას ცრემლსადენი გაზითა და სხვა საშუალებებით ახშობენ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის თქმით, ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი მნიშვნელოვანი უკუსვლა იქნება საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებისთვის. 

"აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. თქვენ იკითხეთ, თუ რას ვგრძნობთ - ეს ღრმა შეშფოთებაა. თქვენ გესმოდათ, რომ აშშ ბოლო დღეებში ამას პერიოდულად აცხადებდა. ღრმა შეშფოთების შეგრძნება ამ კანონპროექტის პოტენციური შედეგების გამოა. ეს კანონპროექტი შეეხება ისეთ მნიშვნელოვან უფლებებს, რომლებიც ქართველი ხალხის კონსოლიდირებული დემოკრატიის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და უკეთესი მომავლის მისწრაფებებისთვის ცენტრალურია. ეს გამოიწვევს სტიგმატიზირებასა და დადუმებას დამოუკიდებელი ხმების, საქართველოს მოქალაქეების, რომელთაც არაფერი სურს იმაზე მეტად, ვიდრე უკეთესი მომავლისთვის ერთობლივი მუშაობა. მომავალი, რომელიც ინტეგრირებულია ევროპასთან. მომავალი, რომელიც დემოკრატიული და თავისუფალია, სადაც საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა". - თქვა პრაისმა.

პრაისმა აღნიშნა ისიც, რომ გარდა იმისა, რომ კანონპროექტი ქართველი ხალხისთვის დამაზიანებელი იქნება, ის ასევე აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობაზეც უარყოფითად აისახება. 

"ჩვენ უთანხმოებით ღრმად შეშფოთებული ვართ, რა თქმა უნდა, იმიტომ თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს ქართველი ხალხისთვის. მაგრამ ასევე იმიტომ, რომ აშშ არის საქართველოს პარტნიორი, გასული ათწლეულების მანძილზე, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, აშშ მის გვერდზე იყო და მხარს უჭერდა ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველოს დამოუკიდებლობის ადრეულ დღეებში ეს მისწრაფებები ზედაპირული იყო, ზოგიერთ შემთხვევაში, არ იყო იდეაზე მეტი. ათწლეულთა შემდეგ ქართველმა ხალხმა ამ მისწრაფებების გასააზრებლად იმუშავა, მათ უზარმაზარ წარმატებას მიაღწიეს დემოკრატიად გადაქცევაში, რაც ადრეული დღეებიდან სურდათ, [წარმატებას მიაღწიეს] საქართველოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციასა და უზრუნველყოფაში, რომ საქართველო ამ გზაზე დარჩებოდა.

თუმცა ახლა ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა, უკუსვლა ქართველი ხალხის მისწრაფებებისთვის, უკუსვლა აშშ-ს შესაძლებლობისთვის, განაგრძოს ქართველი ხალხის პარტნიორობა". - განმარტა პრაისმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ყველა დეპუტატი, რომელიც კანონპროექტს მხარს დაუჭერს, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს საფრთხეს შეუქმნის.

"ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, იქნება ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდებაზე პასუხისმგებელი. ჩვენ ამის ხილვა არ გვსურს. აშშ-ს გარდა ესაა ევროკავშირი, გაერო, ყველაზე მნიშვნელოვანი - ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოებრივი ჯგუფები - ამ კანონპროექტთან დაკავშრებით ყველამ ღრმა შეშფოთება გამოხატა.

გვაშფოთებს, რომ აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობა შესაძლოა საფრთხეში ჩავარდეს, თუ მსგავს კანონს გაატარებენ. პირველ რიგში, ეს იქნება ქართველი ხალხისა და მთავრობის გადაწყვეტილება. ჩვენი დიდი იმედია, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხს მოუსმენს. ქართველი ხალხი ცხადი ხმით საუბრობს და ახლა ვხედავთ, რომ ამ ზოგიერთ ცხად ხმას, ხმამაღალ ხმას ახშობენ ცრემლსადენი გაზით, რათა შეზღუდონ თავისუფალი შეკრების მშვიდობიანად განხორციელება, ეს ჩვენთვის შემაშფოთებელია, მაგრამ პირველ რიგში, ვფიქრობთ, რომ მსოფლიოს ხელისუფლებებმა, თბილისის მთავრობის ჩათვლით, საკუთარ ხალხს უნდა მოუსმინოს.". - ამბობს ნედ პრაისი.

კომენტარები