კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

OSCE/ODIHR: სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად აგენტების კანონზე დასკვნას ვამზადებთ

ეუთო/ოდირი ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ აგენტების შესახებ კანონპროექტზე დასკვნას ამზადებს, რათა მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა შეფასდეს.

"გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის. ოდირი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას საქართველოში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა შეაფასოს მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენ ამ მნიშვნელოვან საქმეში ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან.

ეუთოს ქვეყნებს აღებული აქვთ ვალდებულება, რომ კანონები ღია, ინკლუზიური და საჯარო კონსულტაციების მეშვეობით მიიღონ. ასოციაციებთან და მათ წევრებთან საჭიროა მნიშვნელოვანი კონსულტაციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანონები პირდაპირ გავლენას ახდენს მათ საქმიანობაზე". – წერს ორგანიზაცია.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია. ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი ორივე კანონპროექტს დაუჭიროს, შემდეგ კი ისინი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს.

კანონპროექტების ინიცირებას საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. კანონი არაერთხელ გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. ამასთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადებით, კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან. საქართველოში ამერიკის ელჩთან ერთად კანონპროექტზე რამდენიმე განცხადება გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმაც, რომელმაც თქვა, რომ აგენტების კანონმა, შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა კრიტიკულად შეაფასა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ, ევროპის საბჭომ, საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებმა.

კომენტარები