ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელი, ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.
განცხადება ეხება ე.წ. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის გამპროტესტებელი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.
განცხადებაში წერია:
ჩვენ ძალიან ვღელავთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და ვგმობთ ძალადობას იმ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის შესახებ. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია და შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი თავშეყრის უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული.
ჩვენ უკვე გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება იმ საკამათო კანონპროექტის შესახებ, რომელიც არის თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. მიღების შემთხვევაში, ეს კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს წინსვლას ევროკავშირის გზაზე. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაიწვიონ ეს კანონპროექტი და კონცენტრირებული იყვნენ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმებისთვის ძალისხმევაზე.
ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს. მათ არ სურთ იყვნენ რუსეთის ორბიტის ნაწილი. ქართველ ლიდერებს მოვუწოდებთ, დააკმაყოფილონ საკუთარი მოქალაქეების მოლოდინები და არ შეუზღუდონ ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები.
სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც აჩვენებს მუხლჩაუხრელ ერთგულებას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ.





