მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია

ვადებზე შეგნებულად არ ვისაუბრებ, ჩვენი აქილევსის ქუსლი გახდა – წილოსანი მეტრო გოცირიძეზე

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი ამბობს, რომ მეტროსადგურ გოცირიძესთან დაკავშირებით უსაფრთხოებაზე ექსპერტების დასკვნას ელოდებიან. წილოსანი არ საუბრობს გახსნის ვადებზე, რადგან, მისივე სიტყვებით, გოცირიძე მათი "აქილევსის ქუსლი" გახდა.  

"უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ველოდებით. უსაფრთხოება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ პროცესის დაჩქარება და სწრაფად გასვლა. იქ სამუშაოები დასრულებულია, აღარ მიმდინარეობს, ექსპერტების დასკვნას ველოდებით, ექსპერტები დათვალიერებას, შესწავლას და საექსპერტო დასკვნის მომზადებას ახდენენ. ვადებთან დაკავშირებით "გოცირიძეზე" შეგნებულად არ ვისაუბრებ, რადგან ჩვენი "აქილევსის ქუსლი" გახდა". - ამბობს წილოსანი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში. 

2022 წლის ნოემბერში თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ მეტროსადგურ გოცირიძეზე, რომლის გახსნაც მრავალჯერ გადაიდო, სამუშაოები დასრულდა და ექსპლუატაციის პროცედურები მიმდინარეობდა.  


მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა და 2020 წელს შპს კაიზერთან 3.15-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა. სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დაიწყო და თბილისის მერი, კახა კალაძე პირობას იძლეოდა, რომ რეაბილიტაცია სამ თვეში დასრულდებოდა. 

მეტროსადგურის დაკეტვიდან ცხრა თვეში სამხარაულის ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ბაქნის რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ის კრიტიკულადაა დაზიანებული და მთლიანად თავიდანაა ასაშენებელი.   

სატენდერო პირობების თანახმად, 3 მილიონის სანაცვლოდ შპს კაიზერს სარემონტო სამუშაოები 210 დღეში უნდა დაესრულებინა, თუმცა დოკუმენტით განსაზღვრული ვადები არაერთხელ დაარღვია, რის გამოც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ახალი კონტრაქტი შპს მამისონთან გააფორმა, რომელმაც განსაზღვრული სამუშაოები, დაახლოებით, 4.7 მილიონი ლარის სანაცვლოდ უნდა შეესრულებინა.

2021 წლის დეკემბერში კახა კალაძემ ახალი პირობა დადო. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდ თვეში დასრულდებოდა ანუ 2022 წლის ივლისში. თუმცა, 2022 წლის ივლისში მეტროსადგური არ გახსნილა - ოქტომბერში მერმა თქვა, რომ მგზავრები მეტროსადგურით სარგებლობას "ძალიან მალე" შეძლებდნენ.   

2022 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ კომპანია მამისონთან ხელშეკრულება შეწყვიტა. კალაძის განცხადებით, მეტროსადგურის ექსპლუატაციაში "კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო" ვერ შევიდა. 

გოცირიძის გახსნამდე დიდუბიდან გოცირიძემდე დედაქალაქის მერიამ ავტობუსი N169 დანიშნა. 

კომენტარები