მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია

"გააკეთეთ ყველაფერი, რომ გაშავდეს" – მერია კომპანია მამისონთან ხელშეკრულებას წყვეტს

თბილისის მერია

თბილისის მერია კომპანია მამისონთან ხელშეკრულებას შეწყვეტს და მეტროსადგურ გოცირიძის ექსპლუატაციაში მისაღებ პროცედურებს თავად შეასრულებს. კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურის რეაბილიტაცია დასრულებულია, თუმცა, "კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო", ამ დრომდე ექსპლუატაციაში ვერ შევიდა.

"მეტროსადგურ გოცირიძის სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან დიდი დაგვიანებით, მაგრამ შესრულებულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დეფექტს, რომელიც გამოსასწორებელია. სამუშაოების დაგვიანების გარდა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომპანია მამისონმა არ აწარმოა საჭირო დოკუმენტაცია და ჯერჯერობით შესაბამისი ექსპერტიზა არ ჩატარებულა. აღნიშნული კომპანია ძალიან პრობლემური და უპასუხისმგებლოა. შესაბამისად, არ ვთვლით საჭიროდ, რომ მათთან თანამშრომლობა გაგრძელდეს. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ისინი აღნიშნულ დეფექტებს გამოასწორებენ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, გიორგი შარკოვს, მათთან ხელშეკრულება გაწყვიტეთ. მიიღეთ ყველა შესაბამისი ზომა, რომ მომდევნო წლებში მამისონი ვერცერთ სატენდერო პროცედურაში ვეღარ მოხვდეს. გადადგით ყველა საჭირო ნაბიჯი, რომ ეს კომპანია გაშავდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თანხას, რომელიც მეტროსადგურის ექსპლუატაციაში მისაღებად დაიხარჯება, დედაქალაქის მერია კომპანია მამისონს სასამართლოს გზით მოსთხოვს.

"მესმის, რომ იყო გარკვეული პრობლემები, დადგინდა ხარვეზები, აღნიშნული ბაქანი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. მათ ჩვენი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდათ, თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით, ამდენი ხნის განმავლობაში, ელემენტარული დოკუმენტაციის წარმოებას ვერ ახორციელებენ. ყველა სამუშაოზე, რაც ჩასატარებელია, ყველა დეფექტზე რაც გამოსასწორებელია, აიღეთ პასუხისმგებლობა და ჩვენვე გამოვასწოროთ, ხოლო თანხა, რაც დაიხარჯება, სასამართლოს გზით, მოსთხოვეთ აღნიშნულ კომპანიას. ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მეტროსადგურ გოცირიძის ექსპლუატაციაში მიღება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს და მალე მოემსახუროს მგზავრებს“, -  თქვა კალაძემ.


მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა და 2020 წელს შპს კაიზერთან 3.15-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა. სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დაიწყო და თბილისის მერი, კახა კალაძე პირობას იძლეოდა, რომ რეაბილიტაცია სამ თვეში დასრულდებოდა. 

მეტროსადგურის დაკეტვიდან ცხრა თვეში სამხარაულის ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ბაქნის რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ის კრიტიკულადაა დაზიანებული და მთლიანად თავიდანაა ასაშენებელი.   

სატენდერო პირობების თანახმად, 3 მილიონის სანაცვლოდ შპს კაიზერს სარემონტო სამუშაოები 210 დღეში უნდა დაესრულებინა, თუმცა დოკუმენტით განსაზღვრული ვადები არაერთხელ დაარღვია, რის გამოც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ახალი კონტრაქტი შპს მამისონთან გააფორმა, რომელმაც განსაზღვრული სამუშაოები, დაახლოებით, 4.7 მილიონი ლარის სანაცვლოდ უნდა შეესრულებინა.

2021 წლის დეკემბერში კახა კალაძემ ახალი პირობა დადო. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდ თვეში დასრულდებოდა ანუ 2022 წლის ივლისში.   

თუმცა, 2022 წლის ივლისში მეტროსადგური არ გახსნილა - ოქტომბერში მერმა თქვა, რომ მგზავრები მეტროსადგურით სარგებლობას "ძალიან მალე" შეძლებდნენ.  

გოცირიძის გახსნამდე დიდუბიდან გოცირიძემდე დედაქალაქის მერიამ ავტობუსი N169 დანიშნა. 

კომენტარები