ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი

სუნაკი: ყველაფერს ვაკეთებ ევროკავშირთან შეთანხმების მისაღწევად

27 თებერვალს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი ევროკავშირის ხელმძღვანელს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება, რათა ჩრდილოეთ ირლანდიის ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო შეთანხმებების შესახებ ახალი შეთანხმება დაასრულონ.

რიში სუნაკი ამბობს, რომ იგი "ყველაფერს აკეთებს" ჩრდილოეთ ირლანდიისთვის ბრექსიტის ახალი შეთანხმების უზრუნველსაყოფად და მას სურს "დაასრულოს სამუშაო", თუმცა პრემიერმინისტრმა თქვა, რომ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება ჯერ არ შემდგარა.

ლონდონსა და ბრიუსელს შორის 2020 წელს ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების ნაწილის გადახედვის თაობაზე მოლაპარაკებები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს და, როგორც ჩანს, დასრულებამდე მიდის, თუმცა გაურკვეველია, მოხერხდება თუ არა ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში შეთანხმების კრიტიკოსებს დააკმაყოფილებს.

"[სუნაკი და ფონ დერ ლაიენი] შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ მუშაობა ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის გარშემო არსებული რთული გამოწვევების საერთო, პრაქტიკული გადაწყვეტისთვის [...] პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი ხვალ დიდ ბრიტანეთში პრემიერმინისტრს შეხვდება." - ნათქვამია 26 თებერვლას გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

ჩრდილოეთ ირლანდიის მთავარმა მოთამაშეებმა მაღალი ზღვარი დააწესეს იმ ტიპის შეთანხმებისთვის, რომელსაც მხარს დაუჭერდნენ, ხოლო სუნაკის პარტიის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ განხეთქილება აქვთ ბრექიტთანთან დაკავშირებით, ვინაიდან მან ბრიტანეთის პოლიტიკის პარალიზება არაერთხელ გამოიწვია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 2016 წელს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ბრიუსელთან შეთანხმების შემთხვევაშიც კი, შეთანხმების გამოცხადება, სავარაუდოდ, მხოლოდ დასაწყისი იქნება.

როგორც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების ნაწილი, ბრიტანეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ბრიუსელთან, რომელიც ცნობილია როგორც ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი, რათა პოლიტიკურად სადავო შემოწმებები ევროკავშირის წევრ ირლანდიასთან 500 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვრის გასწვრივ თავიდან აიცილოს.

რა არის ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი?

ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი არის სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ბრექსიტის მოლაპარაკებების დროს შედგა და ირლანდიის სახმელეთო საზღვარზე საქონლის ტრანსპორტირებას შემოწმების მექანიზმს არეგულირებს.

ბრქსიტამდე საქონლის გატანა საზღვრის გავლით ადვილი იყო, რადგან ქვეყნები ორივე მხარეს - ჩრდილოეთ ირლანდია და ირლანდიის რესპუბლიკა - ევროკავშირში იყვნენ და ერთსა და იმავე წესებს იცავდნენ.

ბრექსიტის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა - ჩრდილოეთ ირლანდიის ჩათვლით - დატოვა ევროკავშირი, ხოლო ირლანდიის რესპუბლიკა ევროკავშირში დარჩა.

ირლანდიის საზღვარზე საქონლის შემოწმების ნაცვლად, პროტოკოლი შეთანხმდა, რომ ნებისმიერი ინსპექტირება და დოკუმენტის შემოწმება დიდ ბრიტანეთსა (ინგლისი, შოტლანდია და უელსი) და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის განხორციელდებოდა.

ამრიგად, შემოწმება მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიის პორტებში ხდება.

ვინ ეწინააღმდეგება ახლანდელ პროტოკოლს?

დემოკრატიული იუნიონისტური პარტია (DUP) აცხადებს, რომ არ დაუშვებს ჩრდილოეთ ირლანდიაში ძალის მოზიარე ახალი მთავრობის ფორმირებას, თუ არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლში.

DUP ამბობს, რომ სავაჭრო საზღვარი აზიანებს ჩრდილოეთ ირლანდიის ეკონომიკას, მაგრამ პარტიის წინააღმდეგობა უფრო მნიშვნელოვანია მისი უნიონისტური იდეოლოგიიდან გამომდინარე. მათი აზრით, ახლანდელი პროტოკოლის წესები არის "ეგზისტენციალური საფრთხე" ქვეყნის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში შესვლისთვის.

 

კომენტარები