რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუდა: თანამედროვე იარაღის მიწოდება გარდამტეხია უკრაინის თავდაცვის უზრუნველსაყოფად 

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ თანამედროვე იარაღის უკრაინისთვის მიწოდება რუსეთისგან თავდაცვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

CNN-ის კითხვაზე, მოიცავს თუ არა ეს აეროგამანადგურებლებს, მან უპასუხა, რომ მსგავსი საჭიროების შემთხვევაში, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები უნდა მიეწოდოს.

“უკრაინელი პილოტები მზად არიან MiG-29-ის სამართავად. საკითხავია, როდის იქნებიან მზად უკრაინელი მფრინავები NATO-ს სტანდარტების მქონე ისეთი თანამედროვე თვითმფრინავების სამართავად, როგორიცაა F-16, მირაჟი, ფრანგული თვითმფრინავები ან ნებისმიერი სხვა ტიპის თანამედროვე მანქანები. მთავარი კითხვა არის, თუ როდის იქნებიან მზად უკრაინელი პილოტები ამისათვის, ვინაიდან პილოტის მომზადება ბევრად უფრო რთული და უფრო გრძელი პროცესია [ვიდრე ტანკის ოპერატორის მომზადება].” - თქვა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, პოლონეთის Leopard-ის ტიპის ტანკები უკრაინაში გასაგზავნად მზადაა. მისივე თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ამჟამად პოლონეთში ტანკების მართვას სწავლობენ და ტანკებთან ერთად უკრაინაში დასაბრუნებლად ერთი თვის განმავლობაში მზად იქნებიან.

თუმცა, პრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ პოლონეთს გერმანიიდან ტანკებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს.

"მარტო ჩვენ არ ვართ - ეს პრობლემები საკმაოდ ხშირია. Leopard-თან დაკავშირებით სხვა ქვეყნებსაც აქვთ პრობლემები, რადგან გერმანელებს სერიოზული პრობლემა აქვთ სათადარიგო ნაწილების მიწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვესმის ეს სიტუაცია, მაგრამ ეს ასეა. ახლა ჩვენი Leopard-ის ტანკები დღეს მზად არიან უკრაინისთვის. ჩვენს სასწავლო ცენტრში Leopard-ის ტანკებზე უკრაინელი ჯარისკაცები ვარჯიშობენ, ახლავე ვამზადებთ, მიმდინარეობს სასწავლო ციკლი." - თქვა დუდამ.

კომენტარები