ბუქარესტის სამიტი

ბაიდენი: NATO-ს ტერიტორიის თითოეულ მტკაველს დავიცავთ, მე-5 მუხლი წმინდაა

22 თებერვალს ბუქარესტის ცხრიანის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობას და შეერთებული შტატების NATO-ს მიმართ ერთგულებას გაუსვა ხაზი.

"როგორც NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგი, თქვენ ხართ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ფრონტის ხაზი და თქვენ უკეთ იცით, თუ რა არის საფრთხე ამ კონფლიქტში." - უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა ცხრიანის  ქვეყნების - ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთს, რუმინეთისა და სლოვაკეთის ოფიციალურ პირებს.

რუსული საფრთხის თავიდან აცილებაში სხვა ქვეყნების როლზე საუბრისას, ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მათ გვერდით იქნება, თუ რუსეთი NATO-ს რომელიმე წევრს თავს დაესხმება.

"ამერიკის შეერთებული შტატების ვალდებულება ნატოს მიმართ [...] აბსოლუტურად ცხადია. მე-5 მუხლი არის წმინდა ვალდებულება, რომელიც აშშ-მა აიღო. ჩვენ დავიცავთ ნატოს თითოეულ მტკაველს." - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენის გამოჩენა ბუქარესტის ცხრიანის სამიტზე ევროპული ტურის ნაწილი იყო. პოლონეთში აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას შეხვდა. მანამდე, 20 თებერვალს ჯო ბაიდენი დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. 

კომენტარები