რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Leopard-2-ის ტანკის მართვა მერსედესის მართვას ჰგავს – უკრაინელი სამხედრო

REUTERS/Fabian Bimmer

უკრაინელმა სამხედრომ, რომელიც ამჟამად წვრთნებს გერმანიაში გადის, Leopard 2-ის ტიპის ტანკის მართვა მერსედესის მართვას შეადარა

"თანამედროვე იარაღის გონივრულად და სწორად გამოყენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ის ომში წინსვლის საშუალებას მოგვცემს და საბოლოოდ, გამარჯვებაში დაგვეხმარება". - ამბობს 57 წლის სამხედრო Reuters-თან ინტერვიუში. 

კითხვაზე, რა განსხვავებაა დასავლურ და საბჭოთა სისტემებს შორის, მან თქვა: "შეგიძლიათ წარმოიდგინოთ განსხვავება მერსედესსა და ჟიგულს შორის". 

ჯამში, გერმანიაში დაახლოებით 1 500 უკრაინელი ჯარისკაცის წვრთნები მიმდინარეობს. Reuters-თან საუბრისას ერთ-ერთმა ჯარისკაცმა თქვა ისიც, რომ მართვის ნაწილში დასავლური და საბჭოთა წარმოების მანქანა ერთმანეთისგან ფუნდამენტურად არ განსხვავდება და "ლოგიკა იგივეა". 

"ჩვენ გვაქვს მსგავსი იარაღის სისტემების გამოცდილება... ლოგიკა იგივეა, ზოგჯერ ინსტრუქციების გასაგებად თარჯიმანიც კი არ გვჭირდება". - თქვა მან. 

ასევე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ მასზე უკრაინელმა სამხედროებმა განსაკუთრებულად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. 

"ომზე საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ პირდაპირ ფრონტის ხაზიდან ჩამოვიდნენ და რომლებიც უკან ტანკებით ბრუნდებიან, ყველანაირი ადამიანური გამოცდილებისგან განსხვავდება". - ამბობს პისტორიუსი. 

სამხედროების ცნობით, სამხედროები კვირაში 6 დღე, 12 საათი ვარჯიშობენ. 

ერთ-ერთმა სამხედრომ Reuters-ის კითხვაზე, თუ როგორ უმკლავდებიან შიშს, ამბობს: "შიში? კი ბატონო, ყველას გვეშინია. თუმცა, მთავარია როგორ უმკლავდები შენს შიშს და როგორ იბრძვი, მისი არსებობის მიუხედავად".

კომენტარები