მოლდოვა

მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, რომელსაც დორინ რეჩანი უხელმძღვანელებს

დორინ რეჩანი
Reuters

მოლდოვის პარლამენტმა ხუთშაბათს, 16 თებერვალს ახალი მთავრობა დაამტკიცა, რომელსაც ახალი პრემიერმინისტრი დორინ რეჩანი უხელმძღვანელებს.

მან 101-ადგილიანი პარლამენტიდან 62 დეპუტატის თანხმობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც თავისი პოლიტიკური გეგმები ჩამოაყალიბა პროგრამაში, სახელწოდებით – "აყვავებული, უსაფრთხო, ევროპული მოლდოვა".

"ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები". – აღნიშნა რეჩინმა.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ 10 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანი მას შემდეგ წარადგინა, რაც ნატალია გავრილიცამ თანამდებობა დატოვა.

დორინ რეჩანს მოლდოვას მთავრობაში რამდენიმე თანამდებობა ეკავა. ის შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობდა 2012 წლიდან 2015 წლამდე. ამასთან, იყო პირველი სამოქალაქო პირი, რომელმაც ეს პოსტი დაიკავა. მანამდე კი რეჩანი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილე იყო.

"ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ უსაფრთხო სამყაროში, სადაც პატივს სცემენ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, სადაც ქვეყნებს შორის პრობლემები დიალოგის გზით გვარდება, სადაც არის პატივისცემა მცირე სახელმწიფოების მიმართ". – ნათქვამია რეჩანის პროგრამაში.

კომენტარები