მოლდოვა

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანი წარადგინა  

დორინ რეჩანი

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ 10 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანი მას შემდეგ წარადგინა, რაც ნატალია გავრილიცამ თანამდებობა დატოვა. 

დორინ რეჩანი ამჟამად თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი და უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანია

დორინ რეჩანს მოლდოვას მთავრობაში რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა. ის შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობდა 2012 წლიდან 2015 წლამდე. ამასთან, იყო პირველი სამოქალაქო პირი, რომელმაც ეს პოსტი დაიკავა. მანამდე კი რეჩანი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილე იყო.

"ახალ მთავრობას სამი პრიორიტეტი ექნება: წესრიგი და დისციპლინა, ახალი ცხოვრება და ეკონომიკა, მშვიდობა და სტაბილურობა. ახალი მთავრობა გააგრძელებს მოლდოვის სტრატეგიული კურსის – ევროკავშირში ინტეგრაციის განხორციელებას". – აღნიშნა რეჩანმა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ. 

მოლდოვის პარლამენტი, სადაც  სანდუს პარტია უმრავლესობით სარგებლობს, რეჩანის თანამდებობაზე დანიშვნას მომავალ კვირას უყრის კენჭს. 

ნატალია გავრილიცამ პრემიერმინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 10 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა

"მოლდოვას ევროკავშირის შიგნით ხელებგაშლილი მოელიან. მოლდოვას ჰყავს მეგობრები, მაგრამ მთავრობას იგივე მხარდაჭერა სახლში რომ ჰქონოდა, ჩვენ უფრო მეტად და სწრაფად წავიწევდით წინ". – უთხრა გავრილიცამ ჟურნალისტებს კიშინიოვში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები