ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: NCDC-ს გუნდს უნდოდა, კონსულტაციები გამეწია და ამაზე უარი იყო, ეს მეწყინა

ყველა პროექტი, რა თქმა უნდა, ჩემთან თანხმდებოდა და მათ შორის, ბევრი პროექტის ინიცირებაც ხდებოდა თქვენი მონა-მორჩილის მიერ, ამიტომ, შეთანხმება დეტალებია, რომელიც საზოგადოებას არ უნდა აინტერესებდეს. უბრალოდ მეწყინა. მე უბრალოდ მეწყინა, რომ როცა ძალიან კარგი გუნდია და ჩემს თანამშრომლებს უნდათ, რომ მე გარკვეულად კონსულტაციები გავწიო და ამაზე უარია. ეს არის მხოლოდ საწყენი და ამიტომ იყო ეს შეიძლება ცოტა ემოციური წერილიც.

ამბობს NCDC-ის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. 

პირველ თებერვალს ფორმულამ და TV პირველმა გაავრცელეს წერილები, რომლებიც გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსა და მის მოადგილეს, თამარ გაბუნიას გაუგზავნა. 

გამყრელიძე წერდა, რომ "ასეთი შეზღუდული დაფინანსებით სამედიცინო დახმარების ხარისხი ვერ გაიზრდება, მოიმატებს სამწუხაროდ ჯიბიდან და არაფორმალური გადახდები და ისევ ზევით წავა კატასტროფული დანახარჯები".  

მისივე თქმით, "თანამშრომლების დიდი ნაწილი დათრგუნულები და ანერვიულებული ხმით, ბოდიშის მოხდით მეხმიანებიან, რომ აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება, რომ ამოღებული უნდა იქნეს ჩემი გვარი პროექტებიდან სადაც კონსულტანტად ვიყავი, არ შეიძლება ჩემი მიწვევა სხვადასხვა ღონისძიებებზე, რომ სრულად უნდა შეწყდეს ჩემი კავშირები ცენტრთან ყველანაირი ფორმით, მგონი მალე შემთხვევით შეხვედრაც აიკრძალება სადმე საჯარო სივრცეში ჩემთან, დაგეგმილზე რომ აღარაფერი ვთქვა". ამირან გამყრელიძე თამარ გაბუნიას ეკითხებოდა, რატომ არის მასთან კავშირი და თანამშრომლობა ასოცირებული როგორც "კეთროვანთან“ და როდემდე უნდა გაგრძელდეს მსგავსი პოლიტიკა მის მიმართ. 

კომენტარები