თბილისის მერია

საჯარო სივრცესა და ტრანსპორტში ვანდალიზმისთვის ჯარიმა 300 ლარი იქნება – მერიის კანონპროექტი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი სივრცეებში და მუნიციპალურ ტრანსპორტში ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მომზადდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"ხედავთ თქვენც, ბოლო წლების განმავლობაში რამდენი პარკი და სკვერი გაკეთდა ან განახლდა, რამდენი საზოგადოებრივი სივრცე მოწესრიგდა. ამის ფონზე, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ სივრცეებში, ასევე, ახალ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებულ ინვენტარს ხშირ შემთხვევაში განზრახ აზიანებენ, უმრავლეს შემთხვევაში ამას აკეთებენ მოზარდები. გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურა და ინვენტარი ზიანდება და მას ჩვენი მოქალაქეები ვეღარ იყენებენ, მის აღსადგენად ან შესაცვლელად დამატებითი თანხების გამოყოფის საჭიროება ჩნდება, რაც შეიძლებოდა სხვა პროგრამებს მოხმარებოდა და ისევ ჩვენს თანამოქალაქეებს ესარგებლათ. ფაქტია, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია პასუხისმგებლობის გამკაცრება, რათა ამ ვანდალური ფაქტების პრევენცია მოხდეს".- აღნიშნა თბილისის მერმა.

კალაძის თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, ვანდალიზმის ფაქტისთვის ჯარიმა 300 ლარით განისაზღვრება, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 500 ლარი იქნება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია გვქონდა და მოვამზადეთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები:

მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას. აღნიშნული კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს კანონმდებელთა მხარდაჭერის".- თქვა კალაძემ. 

აქამდე მოქმედი რეგულაციით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება.

კომენტარები