ყირგიზეთი

ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, საზღვარგარეთ მკურნალობის ნება დართეს

გათავისუფლებული ალმაზბეკ ატამბაევი

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი, რომელიც სასჯელს გამოსასწორებელ კოლონიაში იხდიდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს და საზღვარგარეთ მკურნალობის ნება დართეს.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, თემირლან სულთანბეკოვის თქმით, ატამბაევმა ორი "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი" ოპერაცია უნდა ჩაიტაროს.

აქამდე, გასულ ღამეს ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ დახურულ სხდომაზე ატამბაევის საქმის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს მიერ 2021 წლის 12 ოქტომბრისა და 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებები გაუქმებულია.

2020 წელს ატამბაევი ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, აზიზ ბატუკაევის გათავისუფლების გამო.  მას 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ატამბაევმა ბატუკაევი 2013 წელს გაათავისუფლა. ამას გარდა, გასული წლის ივნისში მას ბრალი წაუყენეს 2010 წელს მომხდარ ეთნიკურ დაპირისპირებაზე, რასაც 450 ადამიანი ემსხვერპლა. ბრალად ედება სამართალდამცავებზე ძალადობაც, უკანონო პასპორტების გაცემა და კორუფცია. ექსპრეზიდენტი მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებს პოლიტიკურს უწოდებდა.

2022 წლის 15 მარტს უზენაესმა სასამართლომ ატამბაევს 11-წლიანი პატიმრობის სასჯელი არ გაუუქმა. იმავე საქმისთვის გასამართლებული 10-ზე მეტი ბრალდებულიდან თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ატამბაევს მიესაჯა.

ატამბაევი ყირგიზეთის პრეზიდენტი 2011-2017 წლებში იყო. 2019 წლის აგვისტოში მის სახლში სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა და დააკავეს. 2020 წლის 6 ოქტომბერს, მასობრივი აქციების შემდეგ, ის გაათავისუფლეს, თუმცა შემდეგ, რამდენიმე დღეში, 10 ოქტომბერს ხელახლა დააკავეს. 

კომენტარები