სანდრო სულაბერიძის საქმე

ეროვნული მუზეუმი: ზოგიერთმა მხატვარმა შესაძლებლობა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოფენა "ავტოპორტრეტი სარკესთან" და მხატვარ სანდრო სულაბერიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სოლიდარობის ნიშნად ექსპოზიციიდან საკუთარი ნამუშევრის ამოღება 8 მხატვარმა მოისურვა, რაც, ეროვნული მუზეუმის ცნობით, შეუძლებელია. თუმცა, მიიღეს გადაწყვეტილება, გამოფენა 12 მარტის ნაცვლად 20 თებერვალს დასრულდეს. 

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მუზეუმმა "ზოგიერთ ნაკლებად ცნობილ მხატვარს" პირველად მისცა შესაძლებლობა, წარმოეჩინა თავისი ხელოვნება, რაც, მათი შეფასებით, ნაწილმა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. 

"დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 4 თებერვლიდან 12 მარტამდე მასპინძლობს ექსპოზიციას „ავტოპორტრეტი სარკესთან“ (ორგანიზატორი კულტურის ცენტრი ATINATI’S; გამოფენის კურატორი ქეთევან შავგულიძე). გამოფენაზე წარმოდგენილია 41 მხატვრის ნამუშევრები. მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ საგამოფენო დარბაზში კედლის დაზიანებისა და თავისი ნახატის ჩამოხსნისა და შეუთანხმებლად გატანის ფაქტის შემდეგ, სოლიდარობის მიზნით, რვა მხატვარმა ასევე მოისურვა ექსპოზიციიდან თავიანთი ნამუშევრების ამოღება, რაც, კულტურის ცენტრ ATINATI’S-სა და ეროვნულ გალერეას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, შეუძლებელია.

მიუხედავად ამისა, და მხატვრებისთვის გამოსავლის შეთავაზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ დასრულდეს 20 თებერვალს, 12 მარტის ნაცვლად, და გაიხსნას სხვა, მომდევნო გამოფენა.

გვსურს, დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადოთ როგორც გამოფენის სხვა მონაწილეებს, ვისაც არ გამოუთქვამთ ნამუშევრის გატანის სურვილი, ისე - დამთვალიერებელს. ამავე დროს, მადლობას ვუხდით კულტურის ცენტრ ATINATI’S-ს საუკეთესო თანამშრომლობისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულმა გალერეამ, ქვეყნის ერთ-ერთმა პირველმა საგამოფენო სივრცემ, ზოგიერთ ნაკლებად ცნობილ მხატვარს პირველად მისცა შესაძლებლობა, წარმოეჩინა თავისი ხელოვნება, რაც მანამდე არ გახლდათ მუზეუმის საგამოფენო პოლიტიკა. სწორედ მხატვრების მიმართ სახელმწიფოს ასეთი მხარდაჭერა ემსახურება ხელოვნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დასანანია, რომ ზოგიერთმა მხატვარმა ეს შესაძლებლობა პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენა".

მხატვრის და არტისტის, სანდრო სულაბერიძის საქმეზე სამართალდამცველებმა წარმოება დაიწყესტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე ავტოპორტრეტი სარკესთან, მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".

მოქალაქეების ნაწილი შსს-სთვის კვალიფიკაციის შეცვლის თხოვნას აპირებს და ხელმოწერებს აგროვებს. მსურველებს ხელმოწერების დატოვება დღეს და ხვალ ივანე თარხნიშვილის 25 ნომერში, 12-დან 19 საათამდე გალერეაში დედიკას შეუძლიათ.

კომენტარები