როჯერ უოტერსი

როჯერ უოტერსი: უკრაინაში რუსეთი უკანონოდ შეიჭრა, თუმცა შეჭრა პროვოცირებული იყო

Sky News

Pink Floyd-ის ყოფილი წევრი, მუსიკოსი როჯერ უოტერსი გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე სიტყვით გამოვიდა.

უოტერსმა რუსეთის ქმედებები დაგმო, მაგრამ ამავდროულად ოკუპანტი სახელმწიფო პროვოკაციის მსხვერპლად გამოიყვანა:

"რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრა უკანონო იყო. მე ამას უმკაცრესად ვგმობ, თუმცა, ამასთანავე, რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ იყო არაპროვოცირებული, ამიტომ, მე ასევე უმკაცრესად ვგმობ პროვოკატორებს".

მუსიკოსმა გაეროს უშიშროების საბჭოს "მდუმარე უმრავლესობის" სახელით მიმართა:

"მდუმარე მილიონები მადლობას გიხდიან იმისთვის, რომ მათი ხმა შეისმინეთ. ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენ არ გვწამს წინასწარმეტყველების, რომლებიც სამხედრო ინდუსტრიას ემსახურებიან. ჩვენ არ გაგვიზრდია შვილები თქვენს საზარბაზნე ხორცად. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა შეწყდეს ცეცხლი უკრაინაში". 

უოტერსის გამოსვლა გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერგეიმ კისლიცამ ასე შეაფასა:

"წლების წინ Pink Floyd-მა სსრკ-ს ავღანეთში შეჭრა დაგმო, რის გამოც ჯგუფი საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო. ფარისევლობაა, როდესაც ბატონი უოტერსი მორიგი შეჭრის გათეთრებას ცდილობს".

უოტერსის განცხადებას სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოეხმაურა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თამჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა:

"გაეროში როჯერ უოტერსი სიცრუის კედელს ანგრევს, რომელიც დასავლეთმა ააშენა".

მთლიანობაში როჯერ უოტერსის გამოსვლა გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე 14 წუთს გაგრძელდა. 

უოტერსი ვლადიმირ პუტინისა და კრემლის პოლიტიკის ღია მხარდამჭერია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მუსიკოსმა არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინა და აშშ, ასევე წერილი მიწერა უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას, რომელშიც მისი ქმარი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა.

კომენტარები