საფრანგეთი

757 000-მა მოქალაქემ საფრანგეთის ქუჩებში საპენსიო ასაკის გაზრდის რეფორმა გააპროტესტა

Charly Triballeau

ბოლო სამი დღის განმავლობაში საფრანგეთის მასშტაბით მასობრივი დემონსტრაციები და გაფიცვა იმართება. დემონსტრანტები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებულ საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ, რომელიც საპენსიო ასაკის ორი წლით, 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს. 

7 თებერვალს, საფრანგეთის მთავრობის ინფორმაციით, ქუჩებში 757 000 ადამიანი გამოვიდა, რამაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. დემონსტრაციების ფონზე პარიზის აეროპორტში ფრენა გააუქმეს. გაფიცვას შეუერთდნენ სკოლის მასწავლებლებიც, რის გამოც საფრანგეთში რამდენიმე სკოლა დაიხურა. 

გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა მაკრონის გეგმას ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, რეფორმის წინააღმდეგია კონსერვატიული პარტია Les Republicains. უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ კი მაკრონს რეფორმების განსახორციელებლად ამ პარტიისგანაც სჭირდება მხარდაჭერა.

ამჟამად საფრანგეთის მოქალაქეებს პენსიაზე გასვლა 62 წლიდან შეუძლიათ. ეს ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საპენსიო ასაკია. 

მთავრობამ ახალი რეფორმა 10 იანვარს წარადგინა, რასაც ქვეყნის მასშტაბით ორდღიანი გაფიცვა მოჰყვა. 

კომენტარები