რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მორავიეცკი: ევროპამ რუსული გაზისთვის სული გაყიდა

პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიეცკი
Fotorzepa, Jakub Czermiński

"ევროპამ რუსული გაზისთვის სული გაყიდა". - თქვა პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უკრაინისთვის მიძღვნილ ვარშავის კონფერენციაზე.

მორავიეცკის თქმით, რუსეთში კომუნისტური რეჟიმი დამარცხდა, თუმცა კოლონიალიზმი კვლავ არსებობს, რუსეთს სხვა ერებზე ბატონობა კვლავ სურს, ხოლო დასავლეთმა თავისუფლებისთვის ბრძოლა "რუს ოლიგარქებთან კონტრაქტებში" გაცვალა. 

"ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენად დამოკიდებულია ევროპა რუსულ ნავთობსა და გაზზე. რეალურად, პუტინი ნარკორეალიზატორივით იქცეოდა - დილერი პირველ დოზას უფასოდ, ან ძალიან დაბალ ფასად ყიდის, რათა ნარკომანი მასთან კიდევ მივიდეს და მოგვიანებით ნებისმიერ ფასზე დათანხმდეს. 

ის, რომ ევროპა ასე ადვილად აცდუნა რუსეთმა, არა მხოლოდ პუტინისა და რუსეთის დემონური შესაძლებლობების შედეგია, არამედ, პირველ რიგში, თავად ევროპის სისუსტის. დღეს ევროპის აღმშენებლობაზე საუბარი საკმარისი არ არის, ჩვენ მის აღდგენაზე უნდა ვიფიქროთ, რათა მშვიდობა და უსაფრთხოება გახდეს მრავალი ათწლეულის განვითარების მუდმივი საფუძველი.". - ამბობს მორავიეცკი. 

მორავიეცკის აზრით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრით სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და უკრაინაზე თავდასხმის ნაცვლად, სამწუხაროდ, ევროპის დამარცხების უფრო მეტი შანსი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მას ეტაპობრივად რუსულ გაზზე კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდიდა.

მორავიეცკის განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთისთვის ძალების გამოცდაა. ევროპა აშკარა არჩევანის წინაშე დგას - ან რუსეთი გაიმარჯვებს და დასავლეთი დამარცხდება, ან თავისუფალ სამყაროს ახალი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის შექმნა მოუწევს. 

"დასავლეთმა ეს უნდა გააკეთოს, თავისუფალმა სამყარომ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს, რათა ეს ომი რუსული იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმისთვის ვატერლოოს ბრძოლად იქცეს". - თქვა მორავიეცკიმ.

კომენტარები