მიხეილ სააკაშვილი

ხაჭაპურიძე: ხვალ დასკვნითი სიტყვაა, იმედია, მოსამართლე ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს

შალვა ხაჭაპურიძე და მიხიელ სააკაშვილი

ხვალ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე პროცესი გაიმართება. მხარეები დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან. სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ელის, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე გადაწყვეტილებას ხვალვე მიიღებს. 

ხაჭაპურიძეს იმედი აქვს, რომ მიუხედავად ზეწოლისა, მოსამართლე "იპოვის ძალას თავის თავში" და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ხვალ დასკვნით სიტყვას ვიტყვით და ამის შემდეგ მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება. მასთან დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლე, საქართველოს მომავალი. რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილ პოზიციას, გარდა გაყალბებული სამხარაულის დასკვნისა და საეჭვო ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ექიმისა, არ წარმოუდგენიათ არცერთი მტკიცებულება. შესაბამისად, არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისა, რომ მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია გაიზიაროს".- ამბობს ადვოკატი. 

სასამართლო პროცესი 17:00 საათზეა ჩანიშნული. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბებიან.


1-ელ თებერვალს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. მან საზოგადოებას ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა. საუბრის დასრულების შემდეგ, სააკაშვილმა მაისური აიწია და ხალხს აჩვენა, როგორ გამოიყურება ის ფიზიკურად. ამის შემდეგ, ჩართვა შეწყდა. 

იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვან დერ ბელენთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენეს და მისივე განცხადებით, ის თვლის, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ექსპრეზიდენტს ნელ-ნელა კლავს. ზელენსკი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველდღიურად, საჯაროდ აწამებენ. 

2 თებერვალს ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სპეციალური სხდომა გაიმართა, სადაც ევროპარლამენტარებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა "უკიდურესად შემაშფოთებელია". როგორც ის წერს, "ოპოზიციური პარტიის ლიდერის წამებით სიკვდილი მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს". 

კომენტარები