მიხეილ სააკაშვილი

FREEDOM HOUSE სააკაშვილზე: შეშფოთებული ვართ გავრცელებული ფოტოებითა და ცნობებით

არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  

"შეშფოთებული ვართ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ფოტოებითა და ცნობებით. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მანამ, სანამ ის საპატიმროშია. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, უზრუნველყონ დაუყოვნებლივი და სრული სამედიცინო დახმარება". - ვკითხულობთ Freedom House-ის Twitter-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

1-ელ თებერვალს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. მომდევნო დღეს მის პატიმრობის საკითხსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დებატები გაიმართა ევროპარლამენტში. ევროპარლამენტარებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ მისცენ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება.  

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, გადაარჩინონ სააკაშვილის სიცოცხლე და აღკვეთონ "სიკვდილით დასჯა". უკრაინის თანამდებობის პირები მთავრობას მიმართავენ, გაათავისუფლონ სააკაშვილი სამკურნალოდ. "მზად ვარ, პირადად წავიყვანო" - თქვა ანდრეი ერმაკმა.  

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა "უკიდურესად შემაშფოთებელია". როგორც ის წერს, "ოპოზიციური პარტიის ლიდერის წამებით სიკვდილი მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს". 

კომენტარები