სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი: უკრაინის შემდეგ "ანტირუსული ცენტრი" მოლდოვა გახდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინის შემდეგ "ანტირუსული ცენტრი" მოლდოვა გახდება.

მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრო (MFAEI) რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას მუქარის რიტორიკას უწოდებს.

სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ მოლდოვას სურვილი, შეუერთდეს სხვადასხვა დასავლურ ალიანსს მოლდოვის ხელისუფლების ანტირუსულ კურსს მოწმობს. 

"დასავლეთმა მოახერხა, სპეციფიკური მეთოდებით, რომლებიც შორსაა დემოკრატიულისგან, დაეყენებინა მოლდოვაში პრეზიდენტი, რომელიც გარბის NATO-ში, მას აქვს რუმინეთის მოქალაქეობა და მზადაა, რუმინეთთან გაერთიანდეს და, ზოგადად, მზად არის პრაქტიკულად ყველაფრისთვის." - თქვა ლავროვმა.

საგაერო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დანიელ ვოდამ თქვა, რომ მოლდოვას სწრაფვა ამ ალიანსებში გაწევრიანებისკენ არის ქვეყნის მოქალაქეების მიერ დამტკიცებული და მათი სურვილების შესაბამისი გზა.

"ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რუსული დიპლომატიის ხელმძღვანელის განცხადებებს, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება და რუსული დიპლომატიის უკვე კარგად ცნობილი მუქარის რიტორიკის ნაწილია [...]

ჩვენ მადლობელი ვიქნებით მსოფლიოს ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის, ჩვენი ხალხის გადაწყვეტილების პატივისცემისთვის. მოლდოვას რესპუბლიკამ აშკარად აირჩია თავისი მომავალი და ეს მომავალი თავისუფალი სამყაროს ნაწილია." - განაცხადა ვოდამ.

კომენტარები