NDI-ს კვლევა

NDI: მოსახლეობის 61% ამბობს, რომ მის ინტერესს არცერთი პარტია არ გამოხატავს

benjielayug.com

NDI-ის კვლევის მიხედვით, წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესს.  

კითხვაზე, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, 61% ამბობს, რომ არა. 31%-ის თქმით, ასეთი პარტია არსებობს, 6%-მა არ იცის, 3%  უარს ამბობს პასუხის გაცემაზე. 

2022 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იმავე კითხვაზე 56% ამბობდა, რომ ასეთი პარტია არ არსებობს, 39% კი პასუხობდა, რომ ასეთი პარტია არსებობს.   

NDI-ის ინფორმაციით, ქართული ოცნების მხარდამჭერთა მესამედი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. 

ქართული ოცნების მხარდამჭეთა 30% ამბობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს, 60%-ის თქმით, არსებობს. ოპოზიციის მხარდამჭერთა 45% ამბობს, რომ არ არსებობს პარტია, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს, 52% ამბობს, რომ არსებობს. იმ ადამიანების 80%-მა, რომლებმაც პარტია არ დაასახელეს, კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა, 8%-მა კი დადებითი.  

იმ მოქალაქეთა წილი, ვინც ფიქრობს, რომ მათ ინტერესებს ერთი პარტია მაინც წარმოადგენს, განსაკუთრებით შემცირდა უმცირესობათა დასახლებებში, დიდ ქალაქებში, 35-54 წლის ასაკობრივ ჯგუში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში. 

NDI-ის გამოკითხვა 2022 წლის 3-20 დეკემბერს ჩატარდა და 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ია. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. 

კომენტარები