მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ბრეგაძე სააკაშვილზე: ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა კატეგორიულად მიუღებელია

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პარენტერალურ კვებაზე უარს თავად ამბობს და აცხადებს, რომ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ რეანიმაციაში გადაიყვანენ. ბრეგაძე ამბობს, რომ ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა კატეგორიულად მიუღებელია

"კლინიკა ვივამედის დირექტორის გუშინდელი განცხადების თანახმად, პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს პარენტერალური კვება შესთავაზეს, რაზეც ის კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მას რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ. პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები ნორმის ფარგლებში რჩება. თუნდაც, მასის ინდექსი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს არ შეესაბამება. რაც, მოგეხსენებათ, საბოლოო ჯამში, იმას გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. შესაბამისად, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება, კერძოდ კი პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად შესაძლებელია იმ პალატაში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, თავად პატიმრის უარის გამო ვერ ტარდება. ექიმს პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა არ ეძლევა. ხოლო ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. პატიმრის აღნიშნული ქმედება სხვა არაფერია, თუ არა თვითდაზიანებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რაზეც თავად პატიმარია პასუხისმგებელი და ყველა ის ადამიანი, ვინც სხვადასხვა ფორმით, თვითდაზიანების წახალისებითა და მხარდაჭერით არის აქტიურად დაკავებული". - თქვა ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ 31 იანვარს TV იმედის ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი პარენტერალური (ინტრავენური) კვების სანაცვლოდ რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვს. მისივე თქმით, სააკაშვილის მასის ინდექსი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს არ შეესაბამება.

კომენტარები