გელათის სამონასტრო კომპლექსი

საპატრიარქო სამინისტროს: ჩუბინაშვილის დასკვნა ჩვენი თხოვნით შესრულდა, პოლიტიკა უადგილოა

საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც გაკრიტიკებულია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის კვლევით ცენტრის დასკვნა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის შესახებ.

"მოცემული დასკვნა ერთი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია". – წერია სამინისტროს განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადების მიხედვით, ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის დასკვნა საპატრიარქოს თხოვნით არის შესრულებული და ის არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ არის დაწერილი.

განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

"გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ გავრცელებულ დასკვნასთან დაკავშირებით, გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნევთ განმარტების გაკეთებას.

აღვნიშნავთ, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს, არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მივიჩნიეთ, თავისი სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, რომელსაც ჩვენი ეროვნული კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის მხრივ ისტორიულად და დღესაც ფასდაუდებელი სამუშაო აქვს შესრულებული.

რაც შეეხება გუშინდელ განცხადებებს, თითქოს აღნიშნული დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ასევე გვინდა შევეხოთ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომენტარს, რომელიც მთავარი არხით გადაიცა. როგორც პროტოპრესვიტერმა გიორგიმ გვაცნობა, გასულ სიუჟეტში მისი ინტერვიუ სრულად არ მოხვდა და სრულყოფილად არ ასახა მისი დამოკიდებულება. მან აღნიშნა, რომ დასკვნის შეფასება სცილდება მის კომპეტენციას და იგი სრულად იზიარებს საპატრიარქოს პოზიციას.

დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობითა და კვორუმის პირობებში მოხდა ამ დასკვნის მიღება, მას ხელს აწერს და ამტკიცებს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მარიამ გაჩეჩილაძე.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვაფასებთ ჩუბინაშვილის ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს და ვუდასტურებთ პატივისცემას". – წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 

 

31 იანვარს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა დასკვნა გელათის მოხატული ტაძრების კონსერვაციის პრობლემებზე. 

დასკვნაში ნათქვამია, რომ სამონასტრო კომპლექსში სამუშაოები არასრულფასოვნად მიმდინარეობს და მისი მართვის ხარისხი თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან შორს არის. 

"გადაწყვეტილებებისა და შეფასების პროცესიდან სამეცნიერო კომპონენტის გათიშვა, ერთიანი გეგმის, ვითარების გააზრების და მწყობრი მეთოდოლოგიის გარეშე, მწირი კვლევითი და საანგარიშო დოკუმენტაციით წარმართული ფიზიკური სამუშაოები ცხადად აჩვენებს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის "გელათის მონასტერი" მართვის ხარისხი შორს არის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან". – წერია დასკვნაში.

დასკვნაში ასევე ხაზგასმულია იმ შეცდომებზე, რომლებმაც მონასტრის მოხატულობის დაზიანების პროცესს ხელი შეუწყო. 

"მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის მხატვრობის არასწორი კონსერვაცია, რომელსაც მოხატულობის დაზიანების პროცესის აქტივიზაცია მოყვა და თვითნებური ტონირება-რესტავრაცია, რომელიც მხატვრობის ავთენტურობის დარღვევას წარმოადგენს, სცილდება პროფესიულ ეთიკისა და საერთაშორისო სტანდარტების ნორმებს". – ვკითხულობთ დასკვნაში. 

კომენტარები