გელათის სამონასტრო კომპლექსი

როგორ მიდის გელათის რეაბილიტაციის პროცესი – მოსაყდრე შიოს განმარტება

საქართველოს მთავრობა / Facebook

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესის პრეზენტაციაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ არსებული მდგომარეობისა და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. მეუფე შიომ პროცესში საპატრიარქოს ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მათთვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას UNESCO-ს რეკომენდაციების შესრულება წარმოადგენს.

"ამ არასრული ორი თვის განმავლობაში, საპატრიარქოს მიერ შესრულდა საწყისი ეტაპისთვის აუცილებელი შემდეგი სამუშაოები:

1. UNESCO-ს რეკომენდაციის თანახმად, საქართველოს საპატრიარქომ დააფუძნა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი. საკონსერვაციო სამუშაოების მაღალი სამეცნიერო სტანდარტით შესრულებისათვის კომიტეტის სტრუქტურაში შეიქმნა საერთაშორისო და ადგილობრივ მეცნიერთა საბჭოები. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული უცხოელი სპეციალისტები, ხოლო ადგილობრივი სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტდა კულტურული მემკვიდრეობის დარგში მოღვაწე ქართველი მეცნიერებით.

2. UNESCO-ს მთავარი და უცვლელი რეკომენდაცია არის გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დაუყონებლივ, მთლიანი დამცავი დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევა, რამაც კედლის მხატვრობის გადარჩენაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. ამის განსახორციელებლად, ჩვენ მოლაპარაკება ვაწარმოეთ გერმანულ კომპანია ლეიერთან, რომელიც მსგავსი სამუშაოების შესრულებაში ამჟამად მოწინავეა მსოფლიოში. აღნიშნულმა კომპანიამ უკვე დაიწყო დროებითი გადახურვის პროექტზე მუშაობა და მათი მოთხოვნით, ჩვენი მხრიდან მათთან თანამშრომლობისთვის შეირჩა კვალიფიციური არქიტექტორ-ინჟინერი.

3. მოგეხსენებათ, რომ გელათის ტაძრის მთავარ პრობლემას კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებული მდგომარეობა წარმოადგენს. ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები: ბატონი სტივენ რიკერბი და ქალბატონი ლიზა შეკედე, რომლებიც საქართველოში 10 ივლისს ჩამოდიან. ისინი მეცნიერულად შეისწავლიან არსებულ ვითარებას და მოგვცემენ პირველ რეკომენდაციებს, თუ როგორი საკონსერვაციო მიდგომებით გვმართებს მოქმედება.

4. ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, UNESCO-ს მოთხოვნის თანახმად, ჩვენი ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ შეიქმნა გელათის ტაძრის ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ მკლავების კამარებისა და აფრების გრაფიკული სქემები და ზუსტი აღწერა-დოკუმენტაცია. ეს პროცესი, როგორც მთელი ტაძრის სივრცეზე, ასევე წმინდა გიორგის ტაძრის მხატვრობაზეც განხორციელდება.

5. UNESCO-ს კიდევ ერთი რეკომენდაციის შესასრულებლად, აღმოსავლეთ მკლავში მოეწყო უსაფრთხო-ინვენტარული ხარაჩო, რაც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს დაათვალიერონ და მეცნიერულად შეისწავლონ საკურთხევლის აფსიდის უნიკალური მოზაიკა, რომელიც პირველადი შეფასებით, აშკარად საჭიროებს საკონსერვაციო მიდგომებს. ასეთი ტიპის უსაფრთხო ხარაჩო, ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფს სპეციალისტების მუშაობას საკურთხევლის აფსიდში.

6. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, საქართველოს საპატრიარქომ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა მსოფლიოში აღიარებულ ორგანიზაცია სტუდიო პროჯეტაციონე ე კონტროლთან. ეს კომპანია მოწვეულია გელათის კონსტრუქციული, სეისმური და სტრუქტურული კვლევისა და სამუშაოების შესასრულებლად. კომპანიის დირექტორი, ბატონი ალესანდრო ბოცეტტი და მთავარი სპეციალისტი, ბატონი კრისტიანო რუსსო გელათში 1 ივნისს ჩამოვლენ. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია ამჟამად რომის კოლისეუმის სტრუქტურული კვლევისა და გამაგრების სამუშაოებს აწარმოებს". – თქვა მეუფე შიომ.


2023 წლის 15 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გელათის ტაძართან და მასზე მომუშავე ჯგუფთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამჟამინდელი კრიზისი 2015-19 წლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგია. საპატრიარქო ხაზს უსვამდა, რომ მაშინ ტაძარი არასწორი მეთოდოლოგიითა და უხარისხო მასალით გადახურეს, რასაც შემდეგში შენობაში წყლის ჩადინება მოჰყვა. განცხადებაში მკაფიოდ ეწერა, რომ საპატრიარქოსთვის გაუგებარია "კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება". საპატრიარქო მდგომარეობას კრიტიკულს უწოდებდა და ხაზს უსვამდა მომუშავე ჯგუფის უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით ჩანაცვლების აუცილებლობას.

ამის შემდეგ, 25 თებერვალს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებდა და სათავეში ჩაუდგებოდა. კულტურის სამინისტრო კი იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც გელათის რეაბილიტაციისთვის თავად უნდა დაეხარჯა, სწორედ საქართველოს საპატრიარქოს გადასცემდა.

კომენტარები