მეტროსადგური ვარკეთილი

დონაძე: ვარკეთილის რეაბილიტაცია ისევ საფრთხის ქვეშაა, კომპანიას გამოცდილება არ აქვს

დონაძე

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის განცხადებით, კომპანია ბადა ქონსტრაქშენს, რომელსაც თბილისის მერიამ მეტრო ვარკეთილის რეაბილიტაციისთვის 13 400 000-ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა, მეტროსადგურების რეაბილიტაციის გამოცდილება არ აქვს. ამიტომ, დონაძის შეფასებით, მეტრო ვარკეთილის რეაბილიტაცია კიდევ ერთხელ დგება საფრთხის ქვეშ.

"კალაძე არის მერი, რომელმაც 6 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვერცერთი მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, რადგან მის მიერ შერჩეული კომპანიებს, მაგალითად  მამისონს არ ჰქონდა არანაირი კომპეტენცია და შებამისად, ვერ განახორციელებდა ამ სამუშაოებს.

ახლანდელი შერჩეული კომპანია, რომელსაც 130მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმეს, არის ქართული ოცნების შემომწირველი და აქაც ნეპოტისტური დამოკიდებულებაა, ასევე ამ კომპანიას მეტრო-სადგურების რეაბილიტაციის გამოცდილება არ გააჩნია.

ამიტომ მეტრო ვარკეთილის რეაბილიტაცია კიდევ ერთხელ დგება საფრთხის ქვეშ. უნდა გაითვალისწინოს კალაძემ, რომ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ამ რეაბილიტაციას, გამოცდილება არ აქვთ და მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს“ - თქვა დონაძემ.

ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართული ოცნების შემომწირველმაკომპანია ბადა ქონსტრაქშენმა 9 თებერვალს უნდა დაიწყოს და 18 თვეში დაასრულოს. აქედან ორი თვით, "ბაქანზე და დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის უსაფრთხო დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოებისთვის" მეტროსადგური დაიკეტება.

"ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 13 400 000 ლარს, რომელიც სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. მათ შორის, განხორციელდება არსებული აზბესტის ჭერის დემონტაჟი და ახალი ჭერის მოწყობა თანამედროვე მასალებით. კომპანია სამუშაოებს დაიწყებს 9 თებერვალს, რაც განხორციელდება ყველა დადგენილი ნორმითა და სტანდარტით. სამუშაოს შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და მომავალი წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.

გარდა ამისა, შემუშავდა იმ სამუშაოთა პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, იმიტომ, რომ მეტრო განსაკუთრებული ობიექტია და სამუშაოების წარმოება, რა თქმა უნდა, თავისი სტანდარტებით უნდა განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადგენილია, ვარკეთილის მეტროს დაბლა, ბაქანზე და დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის უსაფრთხო დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოებისთვის მეტროსადგურის დაკეტვა მოგვიწევს დაახლოებით ორი თვით, თუმცა, ჩვენ გავიარეთ ეს ყველაფერი და ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება ივნისი-აგვსოს შუალედში, რა თქმა უნდა, წინასწარ მივაწოდებთ ინფორმაციას მოსახლეობას" - ამბობს თბილისის მერი.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. გახსნიდან რამდენიმე თვეში, 2018 წლის 30 იანვარს ვარკეთილის მეტროს ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მერიამ ვარკეთილის რეკონსტრუქცია-რემონტისთვის ტენდერი 2022 წელსაც გამოაცხადა, თუმცა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია მამისონთან ხელშეკრულება გაფორმებიდან 6 თვეში გაწყვიტა. მამისონია ის კომპანია, რომელიც მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაციაზეც მუშაობდა.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის ახალი ხელშეკრულება მერიამ უკვე უტენდეროდ, გამარტივებული წესით გაუფორმა შპს ბადა ქონსთრაქშენს.

"ხელშეკრულების ღირებულება დაახლოებით 13.4 მილიონი ლარია, ხოლო კომპანიის დამფუძნებელი ქართული ოცნების დამფინანსებელია". - ვკითხულობთ ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში. 

GMC-ის ინფორმაციით, 2022 წლამდე ბადა ქონსთრაქშენს სახელმწიფო ორგანოსთან მაქსიმუმ 2 245-ლარიანი ხელშეკრულება ჰქონია გაფორმებული. 


ინფორმაციისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, უკვე ორი წელია, მეტროსადგური გოცირიძე დაკეტილია. სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დაიწყო და თბილისის მერი, კახა კალაძე პირობას იძლეოდა, რომ რეაბილიტაცია სამ თვეში დასრულდებოდა. 
 

კომენტარები