უკრაინა-ხორვატია

ყირიმთან დაკავშირებით ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება მიუღებელია – უკრაინის საგარეო

ოლეგ ნიკოლენკო

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებას ყირიმთან დაკავშირებით მიუღებლად მიიჩნევს. 31 იანვარს ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილი ვეღარასდროს იქნება

"ღირს, დავფიქრდეთ, შეეძლო თუ არა ზორან მილანოვიჩს ასეთი რიტორიკით გამხდარიყო თავისი ქვეყნის პრეზიდენტი 1990-იან წლებში, როცა ხორვატია დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა? დათანხმდებოდნენ თუ არა მისი ამომრჩევლები ქვეყნის ნაწილის ოკუპაციაზე თვალის დახუჭვას? მეეჭვება. შეგახსენებთ, რომ უცხოური აგრესიის გამო ხორვატიას შეეძლო დაეკარგა თავისი მიწის მესამედი, თუმცა გმირული ბრძოლის შედეგად ხორვატებმა მოახერხეს თავიანთი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვა". – აღნიშნა უკრაინის საგარეოს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ.

ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნები საერთაშორისო პოლიტიკაში ორმაგ სტანდარტებს იყენებენ. მან კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ "კოსოვოს ანექსია" უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი ამას უკრაინის ტერიტორიების შეერთების საბაბად გამოიყენებს.

"ჩვენ ვაღიარეთ კოსოვო იმ სახელმწიფოს (სერბეთის) ნების საწინააღმდეგოდ, რომელსაც კოსოვო ეკუთვნოდა". – თქვა ხორვატიის პრეზიდენტმა.

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა. კოსოვოელ სერბთა ნაწილი პრიშტინას ძალაუფლებას არ აღიარებს.

კომენტარები