რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზორან მილანოვიჩი: ყირიმი უკრაინის ნაწილი ვეღარასდროს იქნება

ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის თქმით, ყირიმი უკრაინის ნაწილი ვეღარასდროს იქნება. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზაგრები კიევს სამხედრო დახმარებას არ გაუწევს. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკემბერში ხორვატმა დეპუტატებმა უარყვეს წინადადება, რომ ქვეყანა შეერთებოდა ევროკავშირის მისიას უკრაინელი სამხედროების მხარდასაჭერად.

როგორც მილანოვიჩი აღნიშნავს, დასავლეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ "ძალიან ამორალურია, რადგან არ არსებობს ომიდან გამოსავალი".

მილანოვიჩის მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნები საერთაშორისო პოლიტიკაში ორმაგ სტანდარტებს იყენებენ. მან კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ "კოსოვოს ანექსია" უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი ამას უკრაინის ტერიტორიების შეერთების საბაბად გამოიყენებს.

"ჩვენ ვაღიარეთ კოსოვო იმ სახელმწიფოს (სერბეთის) ნების საწინააღმდეგოდ, რომელსაც კოსოვო ეკუთვნოდა". – თქვა ხორვატიის პრეზიდენტმა.

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა. კოსოვოელ სერბთა ნაწილი პრიშტინას ძალაუფლებას არ აღიარებს.

კომენტარები