რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

PACE უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ერთხმად მოითხოვს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ჰააგაში სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნა ერთხმად მოითხოვა. საერთაშორისო ტრიბუნალმა რუსეთისა და ბელარუსის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები უნდა გაასამართლოს იმისთვის, რომ "დაგეგმეს, წამოიწყეს და განახორციელეს" აგრესიული ომი  უკრაინის წინააღმდეგ. 

საპარლამენტო ასამბლეას თქმით, ასეთი ტრიბუნალი უნდა იყოს "მოწონებული და მხარდაჭერილი რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის, განსაკუთრებით კი, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ". ამასთან ერთად, აქტიური როლი უნდა ჰქონდეს ევროპულ საბჭოს და უნდა გამოხატოს მხარდაჭერა ტრიბუნალის შექმნის პროცესში. 

უკრაინის უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლექსანდრა მატვიიჩუკმა პარლამენტარებს მიმართა - "დიახ, ეს გაბედული ნაბიჯია. ჩვენ გვაქვს ერთი ძლიერი არგუმენტი: ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან სწორია".

PACE ტრიბუნალის შექმნის აუცილებლობაზე საუბრისას აცხადებს, რომ არცერთი სხვა საერთაშორისო ტრიბუნალი არაა კომპეტენტური უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებზე პასუხისმგებლები პირების სამართლებრივი დევნისა და დასჯისთვის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაც არ აქვს ამის იურისდიქცია. 

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ არსებობს "მზარდი მტკიცებულება", რომლის მიხედვითაც რუსული რიტორიკა, რომელიც ომს ამართლებს, "გენოციდურ განზრახვას ავლენს".

"უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, მათ შორის მკვლელობები, იძულებითი გადაყვანა და უკრაინელი ბავშვების "რუსიფიკაცია" ასევე შეიძლება მოექცეს გენოციდის განმარტებაში". - წერია რეზოლუციაში.

PACE-ს თქმით, რუსეთმა მისი ქმედებებით უკრაინისთვის მოტანილი ზიანისა და დანაკარგებისთვის რეპარაციები უნდა გადაიხადოს.

კომენტარები