ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნაყოფია: კეზერაშვილს შევხვდი, არც დამიმალავს, არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია ამბობს, რომ დავით კეზერაშვილს შეხვდა და ამ შეხვედრის შესახებ არც დაუმალავს. ნაყოფიამ მთავარი არხის ეთერში შეხვედრის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საუბარი, ძირითადად, პარტიაში მიმდინარე არჩევნებს უკავშირდებოდა. 

"ორჯერ მოხდა კომუნიკაცია და მე ჩუმად არ წავსულვარ ნამდვილად და ბევრმა ადამიანმა წინასწარ იცოდა. 2011 წლიდან არ შემდგარა ჩვენი კომუნიკაცია, მიზეზები ერთერში სალაპარაკო არ არის ნამდვილად. ეს ეხებოდა პირად საკითხებს და რა თქმა უნდა, არსებობდა უთანხმოება და წყენა... შეხვედრა ამით დაიწყო, როცა ადამიანთან 11 წლის განმავლობაში არ გაქვს კომუნიკაცია, როცა შეხვდები, ხომ უნდა უთხრა, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ არის კომუნიკაცია. მაშვინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ თემაზე მაშინ გავაგრძელებთ საუბარს, როცა მთავარი ბრძოლა დასრულდება  და ქვეყანა გატავისუფლედება ქართული ოცნებისგან. 

ძირითადი თემა შეეხებოდა იმას, რომ ეს საარჩევნო თემა არ გადაიზარდოს ისეთ დაპირისპირებაში, რომ ხვალ ადამიანებმა ერთმანეთს ხელი ვერ ჩამოართვან და პარტია არ დაზიანდეს და არამხოლოდ პარტია, არამედ ის მთავარი საქმე. მთავარი ბრძოლა ქართულ ოცნებასთან, ბიძინა ივანიშვილთან".- ამბობს ნაყოფია. 

მისივე თქმით, მთავარი ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ნაყოფია ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება მაშინ მოხდება, როცა ქართული ოცნება დამარცხდება და "ეს დიდი გამარჯვება როგორ უნდა იქნეს მიღწეუილი, ამაზე იყო საუბარი". 

ნაყოფიას თქმით, კეზერაშვილთან შეხვედრა შუამავლების ინიციატივით მოხდა, თუმცა მათი ვინაობა არ დაუსახელებია. 

"იყო შუამავლები ვინც ჩათვალეს საჭიროდ, რომ უნდა შევხვდეთ. იყო ერთი, მეორე, რომლებიც მელაპარაკებოდნენ მე, შემდეგ მას და შემდეგ იყო შემოთავაზებები, ხომ არ შეხვდებით, და ძირითადი განსახილველი საკითხი ეს არის მომავალი ამ ვითარებიდან გამომდინარე, მომავალი თანაცხოვრება და გეგმები... ერთობას წინ არაფერი უდგას. რაღაცნაირად უნდა მოხერხდეს შემდგომში ამ ადამიანების მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა, რაზეც წინააღმდეგობა არ  გაუწევია, მიუხედავად იმასა, რომ ის რჩება ლევან ხაბეიშვილის მომხრედ და მე ვარ ნიკა მელიას მომხრე".- თქვა ნაყოფიამ. 

ნაყოფიას თქმით, როდესაც კეზერაშვილს ჰკითხა, რა მიზნები ამოძრავებდა, მან უპასუხა, რომ საქართველოში დაბრუნება სურს. 

"დაბრუნების შემდეგ არც პოლიტიკა მაინტერესებს, არც ბიზნესი მაინტერესებს. მაინტერესებს და მინდა ჩემს ქვეყანაში ვიცხოვროო. ეს იყო პასუხი, რაც მე მოვისმინე, როცა კითხვა დავუსვი მას. ახლა რა გინდა მეთქი, რომ ვკითხე, მითხრა, მინდა ქვეყანაში ვითარება შეიცვალოსო... მეტი შეხვედრა არ შემდგარა და დაგეგმილიც არ არის. თუ ვითარება მოითხოვს და დადგა საჭიროება, შეიძლება შედგეს, მაგრამ რომ გითხრათ, რომ რამე არის დაგეგმილი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება".- თქვა კობა ნაყოფიამ. 

 

კომენტარები